markup logo

612

Sweet Home 3D იგრძენი თავი დიზაინერად

Sweet-Home-3D-

კომპანია eTeks-მა შექმნა შესანიშნავი ინსტრუმენტი დამწყები დიზაინერებისათვის – Sweet Home 3D, რომელიც განკუთვნილია ინტერიერის დიზაინთან სწრაფად და მარტივად მუშაობისათვის. შესაბამისად,  ინტერფეისი მაქსიმალურად გასაგები და მარტივია, რომ მოყვარულმა თუ უბრალოდ ენთუზიასტებმაც  კი  იოლად გაართვან თავი. პროგრამის დახმარებით ნებისმიერი დაგეგმავს ოფისის თუ საცხოვრებელი ფართის ინტერიერს, ავეჯის განლაგებას და ასე შემდეგ. მართალია, ეს არ არის პროფესიონალური პროგრამა და ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს სპეციალიზირებულ პაკეტებს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ Sweet Home 3D-ეს შესასწავლად რამდენიმე დღეა საკმარისი, მაშინ როდესაც სხვა მსხვილმასშტაბიანი პაკეტების ასათვისებლად საკმაოდ დიდიხანი დაგჭირდებათ. საბოლოოდ ხარისხი კი უკეთესი და დიზაინიც დახვეწილი გამოგივათ, რა თქმა უნდა  ნაუცბათევად ესეც საკმარისია. მითუმეტეს, თუ ამ დარგში არ აპირებთ მუშაობას და დეტალებში ჩაღრმავება არ შედის თქვენს გეგმებში.

Sweet Home 3D-ში უბრალო და გასაგები ინტერფეისი გაგიადვილებთ პროგრამასთან მუშაობის შესწავლას. ისეთი ოპერაციები, როგორებიცაა კედლების ამოყვანა,  კიბის უჯრედის დაგეგმვა და კარ-ფანჯრის გაჭრა, რომ იტყვიან, ერთი კლიკით ხორციელდება. გარდა ამისა, პროგრამა დაკომპლექტებულია საკმაოდ ფართო ასორტიმენტის შაბლონური ობიექტების ბიბლიოთეკით, რომ მხოლოდ შიშველი კედლებით არ დაკმაყოფილდეთ და მოხერხდეს ინტერიერის შევსება ავეჯითა და სხვა დანიშნულების ინვენტარით. უკვე შექმნილი გარემო მარტივად შეგვიძლია დავფეროთ და ვატაროთ ათასნაირი ექსპერიმენტი სხვადასხვა ტექსტურების და ფაქტურების მეშვეობით.

SweetHome3d001

მუშაობის დასრულების შემდგომ დიზაინერს შეუძლია ნებისმიერი რაკურსიდან დაათვალიეროს თავისი შემოქმედება. ვირტუალური კამერის მეშვეობით დეტალურად განიხილოს ყველა დეტალი და, თუ ამას საჭიროება მოითხოვს, იქვე ჩაასწოროს. გარდა ამისა, ანიმირებული ვიდეორგოლის ჩაწერაც არის შესაძლებელი, რომ  მომზადდეს პრეზენტაცია, ანუ უბრალოდ მოძრაობაში დაინახოთ ყველაფერი.

საბედნიეროდ პროგრამის განახლებული ვერსია 3D ობიექტების ძველ კატალოგებსაც მშვენივრად აღიქვამს. შესაბამისად,  წინა ვერსიის პროექტებზეც არ იქნება პრობლემა რითაც Sweet Home 3D კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება გამოყენება-განახლებისათვის.

SweetHome3d002

პროგრამა კროსპლატფორმულია და გამოდის როგორც Windows გარემოსათვის, ასევე Linux და Mac OS X  სისტემებისათვისაც და რაც მთავარია,  ვრცელდება აბსოლუტურად უფასოდ. თუ მოგეწონებათ და ქველმოქმედების ხასიათზე დადგებით, შეწირულობის სახით თანხის გადარიცხვასაც მოახერხებთ, მაგრამ ისე არავინ გზღუდავთ. მწარმოებლის საიტზე ხელმისაწვდომია ყველა ვერსია და დამატებითი ბიბლიოთეკები სტანდარტულის გასაფართოვებლად. იქვე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის სრული აღწერა და მცირედი ვიდეოგაკვეთილებიც.

http://www.dailymotion.com/video/k1cb5Mocguw5XSZmRu?start=2

კატეგორია: Software, გრაფიკა .

კომენტარის დატოვება