markup logo

854

Sticky Password გონებაგაფანტულთათვის და არა მარტო

pass

კომპიუტერის მომხმარებელთა უმეტესობას ხშირად უწევს დაიმახსოვროს მრავალი პაროლი თუ რეგისტრაციის მონაცემები, რადგან რეგულარულად ხდება საჭირო ათასნაირ ფორუმებზე და საიტებზე რეგისტრაცია. ზოგმა მიაგნო  მარტივ გამოსავალს და იყენებს მხოლოდ ერთ, მაქსიმუმ ორ ან სამ პაროლს, ანუ ერთი – საფოსტო ყუთებისათვის, ერთი – ფორუმებზე და ასე შემდეგ.

საქმისადმი ასეთი მიდგომა, მართალია, აადვილებს ცხოვრებას, მაგრამ პოტენციური საშიშროების ქვეშ გვიწევს ყოფნა – ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში ბოროტმოქმედებს ექნებათ წვდომა არა მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ რესურსზე, არამედ თქვენს მიერ რეგისტრირებული საიტების მთელ სერიაზე. დამეთანხმებით, მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარება ძალზე არასახარბიელოა.

ნაწილი უფრო ჭკვიანურად იქცევა – ყველგან სხვადასხვა ლოგინ-პაროლის სისტემას იყენებს და ცალკე აწარმოებს ჩანაწერებს, რათა არ დაავიწყდეს თუ სად რა სახელით და პაროლით არის დაფიქსირებული. იდეაში ცუდი არ არის, მაგრამ რეალურად მაინც მოუხერხებელია (საკუთარი გამოცდილებიდანაც გეუბნებით).

მსგავსი პრობლემებისაგან შეწუხებული მომხმარებლების შემყურე კომპანია Lamantine Software-მ გადაწყვიტა შეექმნა უნივერსალური პაროლების მენეჯერი, რომელიც სხვადასხვა მომხმარებელთა მონაცემებს შეინახავდა. შედეგად მივიღეთ პატარა, მაგრამ ძალიან სასარგებლო პროგრამა სახელად – Sticky Password (ბოლო ვერსია 6.0). აღნიშნული ინსტრუმენტი ინახავს ერთ ან რამდენიმე „იუზერის“ მონაცემს განუსაზღვრელი რაოდენობით, ახდენს მათ შიფრირებას უკანონო წვდომისაგან თავდასაცავად და სპეციალურ ბაზაში ათავსებს. გარდა ამისა, შეგვიძლია ვანდოთ მას სხვადასხვა ონლაინ ანკეტების ავტომატური შევსების ფუნქციაც, რომელსაც იგი შესანიშნავად ართმევს თავს.

პროგრამა აგრეთვე დაცულია სხვადასხვა კატეგორიის მავნე ვირუსებისაგან, რომლებსაც აკრეფილი პაროლების მეხსიერების ბუფერიდან მოპარვა შეუძლიათ.

„სუპერზარმაც“ მომხმარებელთათვის, ვისაც უნიკალური პაროლების მოგონებაც კი არ სურთ, არსებობს უტილიტა, რომელიც მათ მაგივრად გააკეთებს ამას და გარკვეული დროის შემდგომ ან შეახსენებს მათ, რომ პაროლი შეცვალონ, ან თავადვე ავტომატურად განაახლებს მას.

დამატებით აღსანიშნავია თავად პროგრამის მრავალსაფეხურიანი დაცულობაც, რომელიც გამოიხატება შემდეგში: პროგრამის აქტივაციისათვის საჭიროა ცალკე სახელი და პაროლი. შიდა პარამეტრებში ცვლილებების შესატანად კი მასტერპაროლი დაგვჭირდება  და ვისაც ესეც ეცოტავება, Sticky Password გვთავაზობს USB ან Bluetooth მოწყობილობით იდენტიფიკაციას, ხოლო მცურავი ვირტუალური კლავიატურა დაგვეხმარება თავი დავიცვათ კეილოგერი პროგრამებისაგან. ყველაფერ ამასთან ერთად შეგვიძლია პროგრამა თავისი ბაზებით USB მატარებელზე ვიქონიოთ და ნებისმიერ ადგილას გამოვიყენოთ.

Sticky Password   თავსებადია როგორც სისტემაში არსებული პროგრამების უმრავლესო­ბასთან, ასევე უმეტეს ინტერნეტ ბრაუზერებთანაც (Firefox და Thunderbird-ის ჩათვლით), რაც პოტენციურ მომხმარებელთა რიგების გაზრდას ერთი-ორად უწყობს ხელს.

მწარმოებლის საიტზე Sticky Password   წარმოდეგენილია ორ ვერსიად: სტანდარტული – უფასო და PRO ვერსია, უკვე ფასიანი. განსხვავება მათ შორის შემდეგია: უფასო ვერსიის მომხმარებელს მხოლოდ ერთი მფლობელის მონაცემების და მხოლოდ 15 ინტერნეტ საიტის თუ პროგრამის პაროლების შენახვის საშულება ეძლევა. თუ აღნიშნული შეზღუდვა არ დაგაკმაყოფილებთ,  სულ რაღაც 29.99 $–ის გადახდით შეგიძლიათ PRO ვერსიის მფლობელები გახდეთ ყოველგვარი ლიმიტების გარეშე.

და კიდევ… PRO ვერსიის გამოყენება 30 დღიანი ე.წ. ტრიალ ვერსიის სახითაც არის შესაძლებელი, რათა მომხმარებელმა თავად შეაფასოს, უღირს თუ არა მას აღნიშნულ პროგრამაში ფულის გადახდა.

P.S. შეთქმულების თეორიის მომხრეთათვის მაინც საფრთხილოა ამ პროგრამის გამოყენება, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ თავად Sticky Password არ გასცემს თქვენს სანუკვარ ინფორმაციას შემქმნელთა ან ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ. ყველაფერს ჯობია ავარჯიშოთ საკუთარი მეხსიერება და არ გაიხადოთ თავი დამოკიდებული სხვადასხვა პროგრამებზე.

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება