markup logo

400

SketchBook Pro 6 ახალი ინსტრუმენტი CG არტისტებისათვის

sbp

კომპანია Autodesk-მა წარმოადგინა SketchBook Pro 6, რომელიც განკუთვნილია CG სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის. მოდერნიზირებული ინტერფეისი პროგრამას მომხმარებლისათვის მაქსიმალურად მოსახერხებელს ხდის. SketchBook Pro სერია თავიდანვე შეიქმნა არტისტებისათვის, რომლებიც გრაფიკული პლანშეტის მეშვეობით მუშაობენ. ინტერფეისი ისეთნაირად არის ორგანიზებული, რომ კლავიატურის დახმარება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მაგრამ ახალ ვერსიას დაემატა მრავალწერტილიანი შეხების აღქმადობაც, რაც პლანშეტური კომპიუტერების მფლობელთათვის ერთგვარი პლიუსია.

ინტერფეისი, როგორც უკვე აღვნიშნე, მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის კომფორტისათვის, მაგრამ დამწყებიც იოლად გაერკვევა. მრავალი სიახლიდან აღსანიშნავია ფუნჯების განახლებული პალიტრა, ფერების რედაქტორი, შრეებთან მუშაობის სისტემა, სხვადასხვა პარამეტრების დისკური რეგულატორები და სამუშაო პროცესის ორგანიზებისათვის განკუთვნილი სპეციალური პანელი.

SketchBook_Pro_6

 

გარდა ამისა, გაჩნდა ლეკალოების სისტემაც, რომელიც არტისტს გლუვი ხაზების შექმნაში ეხმარება. თავისებურად გამარტივდა ბეზიეს ბერკეტებთან მუშაობაც და რაღაცით Corel Draw-ისას დაემსგავსა.

SketchBook Pro 6 შეიცავს ფუნჯების 100  მზა შაბლონს – როგორებიცაა ფანქარი, ნახშირი, პასტელი, ზეთიანი საღებავების ფუნჯი, აეროგრაფი, მარკერი და მრავალი სხვა. შაბლონების არსებობა არანაირად არ ნიშნავს მათ მონოლითურობას. ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევცვალოთ მისი პარამეტრები და საჭიროებისამებრ გადავაკეთოთ. აგრეთვე, მარტივად ხდება საკუთარი მონაცემების ფუნჯების შექმნაც და შაბლონების სიაში დამატება.

ახალი ე.წ. „სინთეთიკური“ ფუნჯები SketchBook Pro 6-ში რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულად მუშაობენ, ანუ ყოველი დასმის წინ ხდება პიგმენტის სიმკვრივის რეგულირება  და ვირტუალური საღებავების რეალისტიკური შერევა ძალზედ კარგ შედეგს გვაძლევს. გაჟღენთვის ეფექტის დახმარებით ფუნჯები უკვე დატანილი გამოსახულების ზემოდან მუშაობის საშუალებასაც იძლევა, ხოლო ვირტუალურ პალიტრაზე სხვადასხვა ფერთა წინასწარი შერევა საგრძნობლად ამარტივებს საქმეს.

SketchBook_Pro_6_002

ფუნჯების რეგულირების მრავალრიცხოვანი პარამეტრები გამდიდრდა ბოჭკოების გადახრის, გაფანტულობის და დაჭერის დროს მათი ერთმანეთისაგან დაცილების მახასიათებლების ცვლილების საშუალებით. ამიერიდან, ფუნჯის ყოველი დასმა კიდევ უფრო რეალური და ლამაზი იქნება.

დამატებითი ინფორმაციის და სადემონსტრაციო ვერსიის მისაღებად მიაკითხეთ მწარმოებლის საიტს  (www.sketchbook.com/trysketchbook). დარწმუნებული ვარ SketchBook Pro 6 მოეწონება როგორც გამოცდილ, ასევე ახალბედა CG არტისტს.

კატეგორია: Software, გრაფიკა .

კომენტარის დატოვება