markup logo

1,052

Serva – მარტივი, კომპაქტური, პორტაბელური Web-სერვერი

sa2დამოუკიდებელმა დეველოპერმა Patrick Masotta-მა მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინა თავისივე შექმნილი ულტრაკომპაქტური და ფუნქციონალური Web-სერვერი სახელად Serva.

აღნიშნული პროდუქტი საშუალებას გვაძლევს უმეტესი სტანდარტული სერვისების რეალიზების, როგორც შიდა ქსელისათვის, ასევე ინტერნეტისათვის. Serva-ს პაკეტი შეიცავს მრავალ საკვანძო ინტერნეტ პროტოკოლს, როგორებიცაა HTTP, FTP, TFTP, DHCP, DNS, SNTP და Syslog, რაც თავის მხრივ საშუალებას გვაძლევს ფაილებისა თუ რაიმე სხვა კატეგორიის ინფორმაციის მარტივი გაცვლისათვის.

პირველი რაც ყურადღებას იქცევს – პროგრამის მცირე ზომაა (თანამედროვე სტანდარტებით). გამშვები ფაილი სულ რაღაც ორ მეგაბაიტს შეადგენს და მისი გამოყენება ყოველგვარი ინსტალაციის გარეშეც არის შესაძლებელი. ანუ სრულფასოვანი Web-სერვერი გვექნება სისტემაში მინიმალური ჩარევის გარეშე, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია.

პროგრამასთან მუშაობა ძალიან მარტივია და IT სფეროსთან არც თუ ისე დაახლოებული მომხმარებელიც მარტივად გაართმევს თავს. სულ რამდენიმე წუთში შეგვიძლია ლოკალური ქსელისათვის საკუთარი სერვერის ორგანიზება. ამისათვის საჭიროა FTP Server განყოფილებაში გადასვლა და იმავე სახელის ღილაკის აქტივაცია, Anonymous ანუ ანონიმური წვდომის მონიშვნა, შემდგომ HDD-ზე სასურველი ფოლდერის მონიშვნა, რომელიც FTP სერვერის მოვალეობას შეასრულებს და OK… ყველაფერი საათივით იმუშავებს. მართალია, პროგრამის გადატვირთვა მოგვიწევს, მაგრამ იგი იმდენად სწრაფია, რომ არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით.

თუ უფრო გაფართოებული პარამეტრების კონტროლია საჭირო, ესეც არ არის პრობლემა. შეგიძლიათ ნებისმიერი პარამეტრის კონფიგურირება. მაგალითად: FTP სერვისის მიბმა რაიმე კონკრეტულ  IP მისამართზე, FTP-პროტოკოლის პორტის დანიშვნა, რომელსაც პროგრამა დეფოლტზე გამოიყენებს, FTP სერვერის სამი მომხმარებლის შექმნა ინდივიდუალური პაროლითა და წვდომის ფუნქციებით და ასე შემდეგ.

მონაცემებით და შესაძლებლობებით Serva უფრო მარტივ გამოყენებაზეა ორიენტირებული და არა პროფესიონალური IT მენეჯმენტისათვის. ამიტომ ტყუილად ნუ ელოდებით მისგან რაიმე ზებუნებრივ და აქამდე არნახულ შესაძლებლობებს. ტესტებმა გვაჩვენა, რომ მისი გამოყენება როგორც ძირითადი Web-სერვერი მუშაობის 24 საათიანი რეჟიმით, ნაკლებად რეკომენდირებულია, მაგრამ თუ დროებით გჭირდებათ ნაუცბათევზე საკუთარი ვებ-კლასტერის შექმნა, მაშინ იგი იდეალური გადაწყვეტილებაა.

ერთადერთი რაც გაღიზიანებას იწვევს, ეს არის უფასო ვერსიის სპლეშ-პანელი, რომელიც ყოვლად უადგილოდ მოძვრება და გვახსენებს თავს. თუ მსგავსი ნიუანსი ნერვებს მოგიშლით და 30$ არ გენანებათ, შეიძინეთ პროგრამა და იყავით ბედნიერი.

როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრამა პირობითად უფასოა და მისი გადმოწერა ყველასათვის ხელმისაწვდომია http://www.vercot.com/~serva/download.html  (ტროლ-ფანჯარას ნუ მიაქცევთ ყურადღებას).

P.S. ფასიანი ვერსიის მფლობელები ბონუსის სახით მიიღებენ დამატებით ინფორმაციას და სრულ სპეციფიკაციას. რაში გამოიხატება ყოველივე ეს, ცოტათი გაურკვეველია, მაგრამ Patrick Masotta ამას გარანტირებულად გვპირდება.

 

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება