markup logo

562

ImDisk -ვირტუალური დისკების მოსახერხებელი მენეჯერი

თანამედროვე საზოგადოებას ლაზერული დისკების ასლების მენეჯერი პროგრამით ვერ გააკვირვებ, რადგან ბაზარი გაჯერებულია და ძნელია რაიმე ახლით თავის დამკვიდრება.

მიუხედავად ამისა შვედი პროგრამისტი ოლოფ ლაგერკვისტი (Olof Lagerkvist) მაინც შეეცადა შეექმნა კომპლექსური პროგრამული პაკეტი – ImDisk, რომელიც ვირტუალურ ასლებთან მუშაობისას თითქმის ყველა საჭირო ინსტრუმენტს გვთავაზობს.

გარდა სტანდარტული ISO, NRG, BIN და სხვა პოპულარულ ფორმათებთან მუშაობისა, აღნიშნული პროგრამა გვაძლევს საშუალებას მცირედი პლაგინების დამატებით გავაფართოვოთ არეალი და სასურველი ფორმატის მხარდაჭერა ინდივიდუალურად დავამატოთ.

გარდა ამისა,  ImDisk თავადვე შეუძლია ასლების მოხსნა და თუ შემთხვევით დისკი დაზიანებული ან დაკაწრული აღმოჩნდა, ცდილობს სიჩქარეების ვარირებით და ტრეკის მრავალჯერადი ე.წ. ბომბარდირებით მაინც წაიკითხოს ჩანაწერი. თუ დაზიანების ხარისხი მის შესაძლებლობებს აჭარბებს, გვთავაზობს ასლის შექმნის პროცესის შეწყვეტას  ან უბნის იგნორირებას. როგორც წესი, ბოლო ამართლებს და უმეტეს შემთხვევაში იმდენად მიზერული ინფორმაცია იკარგება, რომ განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს ხოლმე.

ოპტიკური დისკების გარდა ჩვენი პროგრამა შესანიშნავად მუშაობს ნებისმიერი კატეგორიის ინფორმაციის USB მატარებლებთანაც, მაგრამ მხოლოდ ე.წ.“ფლეშკებით“ არ შემოიფარგლება.  ImDisk  მუშაობს ნებისმიერი კატეგორიის დანადგართან თუ გაჯეტთან, რომელიც USB ინტერფეისით ამყარებს კომპიუტერთან კავშირს. ეს სიახლე განსაკუთრებით მოეწონებათ პლანშეტური კომპიუტერების და სმარტფონების მფლობელებს, რომლებსაც სისტემაში კუსტარული ცვლილებების შეტანა უყვართ. წარუმატებელი ექსპერიმენტის შემთხვევაში მარტივად შეგვიძლია წინასწარ შენახული ასლის მეშვეობით სისტემის საწყისი მდგომარეობის აღდგენა და ხელახლა ცდა.

გამოცდილი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომია პროგრამული ინტერფეისის ფანჯარა, საიდანაც თითქმის ყველანაირი პარამეტრის მართვაა შესაძლებელი და აგრეთვე საკუთარი სკრიპტების თუ შაბლონების წერა. ანუ მომხმარებელი თავადვე შეავსებს და დაამატებს მისთვის საჭირო ფუნქციებს და ამით კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის პროგრამას. მართალია, სტანდარტული ფუნქციების კომპლექტი საკმაოდ სრულყოფილია და ფართო არჩევანს გვთავაზობს, მაგრამ მსგავსი თავისუფალი ჩარევის საშუალება მიმზიდველს ხდის პროგრამირებასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებულ მომხმარებლებისათვისაც.

უკვე ჩამოთვლილ დადებითი მხარეების კოლექციას ავსებს თავად პროგრამის საინსტალაციოს ზომა, რომელიც სულ რაღაც 312 კილობაიტს წარმოადგენს (დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია). ImDisk  გათვლილია ყველა კატეგორიის და ბიტაჟის Windows-ებზე, როგორც ვორკსტეიშენი, ასევე სასერვერო ვერსიებიც.  აგრეთვე თავისუფლად მუშაობს ისეთ არქაულ ოპერაციულ სისტემებთანაც კი, როგორიცაა Windows NT 4.0.

მცირედი ტესტების დროს პროგრამამ შესანიშნავი ხარისხი და სისწრაფე გვაჩვენა. მიზანმიმართულად ვმანიპულირებდით დაკაწრული დისკებით და ძველმოდური და შენახვისაგან მტვრიანი CD და DVD დრაივერებით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შესანიშნავად გაართვა თავი.

თუ უცებ დისკების იმიჯებთან მუშაობა დაგჭირდათ და ხელთ ჩვეული პროგრამული პაკეტი არ გაგაჩნიათ, მწარმოებლის საიტიდან სრულიად უფასოდ შეძლებთ ამ შესანიშნავი პროგრამის გადმოწერას და ყოველგვარი პრობლემის გარეშე გამოყენებას.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება