markup logo

749

HP Envy 14 Spectre Ultrabook, მოკლე მიმოხილვა

HP Envy Spectre

როგორც HP ამტკიცებს, მათი ახალი პირმშო Envy 14 Spectre, მსოფლიოში პირველი მინის ლეპტოპია. იგი მართლაც მშვენივრად გამოიყურება და მონაცემებიც შეესაბამება მის ვიზუალურ მხარეს, თუმცა HP-ს ცნობილი ხაზი, Ultrabook მომხმარებლებში პოზიციონირებულია როგორც მსუბუქი, თხელი და შესაბამისად ადვილად „სათრევი“ ლეპტოპი. Envy 14 Spectre-ის შემთხვევაში კი მინის ლამაზი კომპონენტების წყალობით გაზრდილია მისი წონაც და ზომაც, მისსავე კონკურენტებთან შედარებით. ანუ ერთი შეხედვით გვაქვს ძალიან ლამაზი ლეპტოპი, რომელიც ამ კლასის მოწყობილობისთვის ოდნავ მძიმეა და ოდნავ დიდი. მაგრამ მოდით ცოტა უფრო ახლოს გავიცნოთ „ახალბედა“.

 დიზაინი:

რაღა თქმა უნდა გაზრდილ წონაზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი „უკაწრავი“ …..ალბათ ხმამაღალია…. „რთულად კაწრვადი“ შავი Gorilla Glass-ია. ამ პოპულარულ მინის საფარზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ, იგი ხშირად გამოიყენება მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების ეკრანების და სხვა ადვილად კაწრვადი კომპონენტების დასაცავად, იქნება ეს ტელეფონები, პლანშეტები თუ სხვა. განვმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყოველგვარი გადამეტების გარეშე Envy Spectre-ის ხუფის უკანა მხარე ფანტასტიურად გამოიყურება. მისი ძირს დაგდება, რამდენადაც ვიცი, ჯერ არავის უცდია, თუმცა, როგორც ამბობენ, ხურდა ფულის და გასაღებების ჩხაკუნი ვერაფერს აკლებს. HP-ს ლოგო ხუფის მარჯვენა მხარეს ინთება ლეპტოპის ჩართვასთან ერთად, რაც დამატებით „გლამურს“ სძენს სპექტრს.

როგორც ზევით აღვნიშნე, ეს სულაც არაა თხელი ლეპტოპი მისი კლასის გათვალისწინებით. მისი სისქე 20მმ-ია და თუ თქვენ თვლით, რომ ულტრა თხელი პროფილი ლეპტოპისთვის აუცილებელი მახასიათებელია, მაშინ შეგიძლიათ თამამად განაგრძოთ  ალტერნატივის ძებნა.

13.4” HD LED ეკრანი, 1600×900 რეზოლუციით, უზრუნველყოფს კრისტალურად მკვეთრ გამოსახულებას, ხოლო ეკრანის თხელი ჩარჩო ქმნის იმის განცდას რომ ეკრანს ეს „ჩარჩო“ სულაც არ აქვს.

განათებული კლავიატურა კარგადაა განლაგებული, საკმაო დაშორებით ღილაკებს შორის, იმისათვის რომ ბეჭდვისას ნაკლები სიხშირით ავკრიფოთ „აბრაქადაბრა“.

„თრექფედი“ (ის რაც მაუსის მაგივრობას გვიწევს ლეპტოპებზე) საკმაოდ სენსიტიურია (მგრძნობიარეა) და აქვს ისეთი ქმედებების მხარდაჭერა როგორიცაა Pinch to Zoom და Two Finger Scrolling. ერთი მინუსი, რომელიც გააჩნია თრექფედს  ისაა, რომ მარჯვენა და მარცხენა ღილაკები ერთიანი პლასტმასის საფარითაა დაფარული, რაც პირადად მე დისკომფორტს მიქმნის აქტიური „დაკლიკებისას“.

წარმადობა:

HP Envy 14 Spectre ამაყად ატარებს ინტელის Core i5-2467M პროცესორს, 4GB ოპერატიულ მეხსიერებასა და 128GB-იან SSD-ს. მთლიანობაში სისტემა საკმაოდ სხარტია. როგორც ჩანს ინტელის Rapid Start ტექნოლოგია თავის დანიშნულებას მშვენივრად ასრულებს, გათიშული ლეპტოპის ჩატვირთვას ოპერაციულ სისტემამდე სულ რამდენიმე წამი სჭირდება. PCMark „ბენჩმარკში“ სპექტრი ღირსეულ 3,494 ქულას იღებს. კადრების რაოდენობა წამში პორტალის თამაშისას 100-ის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად ახალი 3D თამაშების უმეტესობის გაშვება საშუალო გრაფიკული პარამეტრებით პრობლემა არ უნდა იყოს.

დღეს უკვე მაღალხარისხიანი აუდიო მოწყობილობების ბევრი მწარმოებელი ამარაგებს თავის სისტემებით ლეპტოპების მწარმოებლებს. ამ შემთხვევაში ეს Beats Audio-ა, თავის ცნობილი დაბალი სიხშირეებით. ხმის ხარისხი კარგია, მაგრამ არა გადასარევი. ზუსტად ისეთი, როგორსაც ამ ზომის სპიკერებისგან შეიძლება ველოდეთ.

რაც შეეხება ელემენტს, ქსელში მოძიებული ინფორმაციით HP Envy 14 Spectre-ის ელემენტი მთელ 8 საათს ძლებს დატენვის გარეშე.

დასკვნა:

მიუხედავად იმისა რომ ზემოთხსენებული ლეპტოპი ოდნავ უფრო სქელი და მძიმეა ვიდრე მისი კონკურენტები ამავე კლასში ან თუნდაც HP-სავე დანარჩენი Ultrabook-ები, მე მოხიბლული ვარ.

და თქვენ? „რას ვერ აპატიებდით საყვარელ ლეპტოპს?“ მოგვწერეთ კომენტარებში.

მანამდე კი ნახეთ HP Envy 14 Spectre Ultrabook-ის პრომო youtube-ზე

კატეგორია: Hardware, ლეპტოპები .

კომენტარის დატოვება