markup logo

828

FOURMATCH გამყალბებლების გამოსავლენად

fourmach

CG ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად სწრაფი ტემპებით ვითარდება ყალბი ციფრული გამოსახულებების მწარმოებელთა არმიაც. ხშირად ძნელია გაარჩიო ცვლილება იმდენად მაღალ დონეზეა შესრულებული გაყალბება და ეს არ იქნებოდა საგანგაშო მხოლოდ, შედარებით უწყინარ, ცვლილებეს რომ შეეხებოდეს, როგორებიცაა ფეისბუკზე  დასადები ფოტოდან ცელულიტის მოშორება  ან მკერდის 2 ზომით გაზრდა. როდესაც საქმე სასამართლო კრიმინალისტიკასთან გვაქვს, უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ყოველი მცირე დეტალიც კი და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებში უმნიშვნელო ჩარევაც კი დაუშვებელია.

სწორედ მსგავსი გაყალბების გამოსავლენად შეიქმნა პროგრამა FourMatch, რომელიც ახალგაზრდა კომპანია Fourandsix Technologies-მა შექმნა. (პროგრამად ამ პროდუქტის მოხსენიება ცოტათი ძნელია, რადგან მუშაობს როგორც დამატებითი პლაგინი Photoshop-სათვის, მაგრამ ძლიერი ბირთვისა და ალგორითმის მეშვეობით საკმაოდ შორს სცილდება მარტივი პლაგინების კატეგორიას).

კომპანია დააარსეს Kevin Connor და Hany Farid-მა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ თავად Photoshop-ის შექმნაზე და ციფრული გამოსახულების ფორმირების ალგორითმებზე. FourMatch-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და მხოლოდ ახლახან მოხერხდა მისი რეალიზება ფართო მასებისათვის.სხვათაშორის კომპანიის სახელი Fourandsix თან აჟღერადია forensics-სთან (კრიმინალისტიკა), რაც გვაფიქრებს იმაზე, რომ სამომავლოდაც მათი პროდუქცია სპეციალიზირებული იქნება სასამართლო და კრიმინალური პოლიციის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

au

FourMatch –ში შეტანილ ციფრულ გამოსახულებას უტარდება ანალიზი გადაღების შემდგომ შეტანილი ცვლილებების გამოსავლენად, რისთვისაც პლაგინი ე.წ. „სიგნატურების“ უზარმაზარ ბიბლიოთეკას იყენებს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 70 000 სხვადასხვა მოწყობილობისა თუ პროგრამული პაკეტის ეტალონურ მონაცემებს.

ნებისმიერი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდება გამოსახულების რედაქტირება, მცირედ, მაგრამ მაინც ტოვებს კვალს, რომლის დაფარვაც ხშირად შეუძლებელიც კი ხდება. ობივატელის დონეზე მსგავსი გაყალბება ხშირად შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ არა FourMatch-სათვის. თუ ფაილის მონაცემები არ ემთხვევა ეტალონურ სიგნატურას, მაშინვე ჩნდება ეჭვი მის არასანდოობაზე და ირთვება დამატებითი ანალიზის მოდულები, რომლებიც უკვე დეტალურად შეისწავლიან გამოსახულებას და შეეცდებიან გამოავლინონ სიყალბე.

მწარმოებელთა განცხადებით FourMatch შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და მისი გამოყენების არეალი არ მოიაზრება  მხოლოდ სასამართლო კრიმინალისტიკის სახით. პლაგინი გამოადგებათ აგრეთვე სადაზღვევო კომპანიებს, რათა თავი დაიცვან თაღლითებისაგან,რომლებიც მანიპულირებული ფოტოებით ცდილობენ დაუმსახურებელი სადაზღვევო თანხის მიღებას.

გარდა ამისა,FourMatch-ის მეშვეობით მარტივია გაიფილტროს სხვადასხვა ფოტოკონკურსე­ბისათვის შემოსული მასალები და მასმედიის ფურცლებზე განსათავსებელი ფოტოდოკუმენტალური გამოსახულებები, რადგან სახეცვლილი ფოტოები ხშირად გამხდარა არასახუმარო სკანდალის მიზეზი.

მომავალში Fourandsix Technologies კიდევ უფრო დახვეწილი და ძლიერი ანალიზატორი პროგრამის გამოშვებას გვპირდება, რომლის ანალიზის ალგორითმები ფაქტიურად შანსს აღარ დაუტოვებენ სხვადასხვა კატეგორიის შარლატანებსა თუ ავანტიურისტებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ,FourMatch მუშაობს როგორც Photoshop-ის პლაგინი, მაგრამ მისი გამოყენება ყველასათვის ძნელი იქნება, რადგან, არც მეტი არც ნაკლები, 890$ ღირს და არანაირი სადემონსტრაციო ვერსია არ მოიაზრება. შესაბამისად, ტესტების ჩატარება ჩვენმა რედაქციამ ვერ მოახერხა და მხოლოდ იმ ინფორმაციას უნდა დავეყრდნოთ,რომელსაც თავად მწარმოებლები ავრცელებენ. იმედს ვიტოვებთ, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მასალები 100% –ით შეესაბამება სიმართლეს.

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება