markup logo

944

Diablo III, მეფე მოკვდა – გაუმარჯოს მეფეს!

იშვიათად მოიძებნება გეიმ ინდუსტრიაში კომპანია, რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე არათუ ნახევარფაბრიკატი და უხარისხო თამაში არ გამოუშვია, არამედ ყოველი მათი პროდუქტი საკულტო შედევრად ქცეულა. ეჭვგარეშეა, კომპიუტერული თამაშების ნებისმიერი მოყვარული მაშინვე მიხვდება თუ ვინ არის ეს… რა თქმა უნდა, ლეგენდარული Blizzardი, რომლის შემოქმედებითი კარიერა არ არის დახუნძლული მრავალრიცხოვანი პროექტებით, მაგრამ არსებული ყოველთვის გამოირჩეოდა უზადო დახვეწილობითა და შესანიშნავი გეიმპლეით.

(წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ სტატიაში ვერ ვიქნები ობიექტური, რადგან ამ კომპანიის შემოქმედების ერთ-ერთი თავგამოდებული ფანი და ქომაგი ვარ. თავის დროზე DiabloII-ის შექმნაში პირადად ვიღებდი მონაწილეობას და ამიტომ მცირედი მიკერძოება მეპატიება).

დღეს საუბარი გვექნება უკვე კარზე მომგდარი გარანტირებული ბესტსელერის – DIABLO III-ის შესახებ (ოფიციალური რელიზი აშშ–ში 15 მაისი), რომლის გამოჩენასაც მთელი მსოფლიოს გეიმერები აგერ უკვე რამდენი წელია სულმოუთმენლად ელოდა (მათ შორის თქვენი მონა მორჩილიც). და აი როგორც იქნა – თითზე ჩამოსათვლელი საათები დარჩა ოფიციალურ გახსნამდე და სანამ ამაზონზე რამოდენიმე თვით ადრე შეკვეთილი თამაში თბილისამდე ჩამოაღწევს, დავჯერდეთ იმას, რისი მოპოვებაც ინტერნეტით და ბეტა ვერსიის ხილვისას მოხერხდა.

მაშ ასე… DIABLO III-ის სიუჟეტი გრძელდება ბოლო თავგადასავლების შემდგომ 20 წლის თავზე. როგორც ყველას კარგად გვახსოვს, Diablo II: Lord of Destruction-ი დასრულდა იმით, რომ ჩვენმა გმირმა გაანადგურა ყველა უწმინდურის სულის ქვა და ზედ სამყაროს კრისტალიც მიაყოლა, დახურა ყველა პორტალი, საიდანაც ჩვენ სამყაროში ათასნაირი მონსტრი და უწმინდური არსება მოძვრებოდა.

სამწუხაროდ დეკარტ კეინის მრავალწლიანი მცდელობა ეპოვა ბოროტების სავანე და საბოლოოდ გადაეკეტა მისთვის გზა, უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ისევ გამოიღვიძეს ჯოჯო­ხეთის მსახურთა ორდებმა და ადამია­ნების სამყაროში ახალი გზები მონახეს… სიუჟეტის უმეტესი ნაწილი მართლ­მსაჯუ­­ლების ანგელოზის – ტირალეის ისტორიას დაეთმობა, მაგრამ ამავე დროს, თითოეული პერსონაჟისათვის იქნება განსხვავებული სიუჟე­ტური ხაზი, რომელიც მეორადი მისიებითა და ლოკალური ისტორიებით გამოიხატება. გზადაზგა უამრავი ნაცნობი ადგილი თუ პერსონაჟი შეგვხვდება. მოვინახულებთ ტრის­ტრამს, სანქტუარიუმს და ასე შემდეგ.

Diablo III-ის გეიმპლეიმ განსა­კუთ­რებული ცვლი­­ლე­ბა არ განიცადა. ნაირ–ნაირი მონსტრე­ბის ლეგიონების უმოწყალო ხოცვა-ჯლეტა მარ­ტი­ვი RPG-ს ფონზე და, რა თქმა უნდა, უსაზღვრო დრაივი.

ბნელ ძალებთან შესარკინებლად მოთა­მაშეს ასარჩევად ეძლევა 5 უნიკალური გმირი, რომლებიც თავის მხრივ კიდევ 2 კატეგორიად დაიყოფა. ვინაიდან ფემინიზაციამ აქაც შემო­აღწია, ნებისმიერი კლასის არჩევისას დამატე­ბით უნდა გადავწყვიტოთ – მამაკაცით გვინდა თამაში თუ ქალბატონით.

მოდით განვიხილოთ თითოეული კლასი, რათა ზოგადი წარმოდგენა მაინც შეგვექმნას.

1) Barbarian: სასტიკი და ძლევამოსილი მეომრების კლანია, რომლებიც არეადის დაცემის შემდგომ მხოლოდ შურისძიებისა და მარადიული ბოროტების დამარცხების სურვილით არიან აღვსილნი. ყველა, ვინც მათ წინ გადაეღობებათ, მომენატლურად ნაკუწებად იქცევა.

განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია წინა ნაწილთან შედარებით. ისევ ისეთი დამრტყმელი ტანკია უზარმაზარი ნაჯახით და ორხელა ხმლით, მაგრამ ქალი – პერსონაჟი ცვაიჰენდერით დაკუნთულ ხელებში ცოტა კომიკურად გამოიყურება

Demon Hunter: განსაკუთრებული შინაგანი ენერგია მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად გაუმკლავდნენ ჯოჯოხეთურ მონსტრებს. მათი ტაქტიკა შემდგომში მდგომარეობს: გამოიყენო მტრის იარაღი მათსავე საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ვინ იცის დემონური არსებების სუსტი წერტილები თუ არა თავად დემონმა. აღნიშნული პერსონაჟი არის საშუალო  DiabloII-ის პალადინსა და ამაზონს შორის. ერთისაგან საშინელი შემტევი ძალა ერგო, მეორესაგან კი სისწრაფე და დისტანციური ბრძოლის ტაქტიკა.

Witch Doctor: უმბრუს ტომის ჯადოქრები, რომლებიც ტაგენზას გაუვალი ჯუნგლებიდან გვეახლნენ. მათი ძალა საბრძოლო მაგიაშია და მტერს ცეცხლით, შხამითა და წყევლით ანადგურებს. ამავე დროს შეუძლია მოიხმოს სხვადასხვა კატეგორიის მონსტრი თუ ცხოველი, რომელნიც გადარჩენის შანსს არავის უტოვებენ და თავდადებით იცავენ პატრონს. აღნიშნული კლასი წარმოადგენს ნეკრომენის და დრუიდის ნაჯვარს, მაგრამ არ შეგიყვანოთ შეცდომაში  უცნაურმა შესახედაობამ და სუსტმა აღნაგობამ. საკმაოდ სერიოზული მეომარია და ძნელად მოსახელთებელი.

Monk:1001 ღმერთის მსახური წმინდა მეომრები, რომლებიც მთელ ცხოვრებას ფუტჰილსის ველებზე სულისა და სხეულის სრულყოფაში ატარებენ. თავიანთ საბრძოლო იარაღს, წმინდა მაგიას, შესაშური ეფექტურობით იყენებენ საიქიოდან მოვლენილ არსებების წინაარმდეგ. იარაღის გარდა ხელჩართული ბრძოლის ექსპერტებიც არიან და სადაც სხვა ხმლითა და შუბით ვერაფერს გახდება, იქ ჩვენი პერსონაჟი შიშველი ხელითაც მარტივად უმკლავდება მტერს. პირველ ეტაპზე საკმოდ სუსტი და ძნელად სამართავი პერსონაჟია, რადგან მთელი მისი ძალა კომბო მოძრაობებსა და დარტყმების მრავალი ვარიაციების ერთობლიობაშია ჩაქსოვილი, მაგრამ თამაშის ბოლოსაკენ, როდესაც ყველა კომბო-სფერო ხელმისაწვდომი გახდება, ცოცხალი ლეველზე გარანტირე­ბულად აღარავინ დარჩება, დიაბლო იქნება ეს თუ ტარტაროზების ჯაზბენდი. გარკვეული ელემენტები წინა ნაწილიდან ასასინისაგანაც ერგო, შესაბამისად, ომის მუხანათური ტაქტიკა სახეზეა.

1)   Wizard: ელემენტალური მაგიის მბრძანებელი ჯადოქარი, რომელსაც ემორჩილება ოთხივე სტიქია. უმოწყალოდ ანადგურებს ყველას და ყველაფერს, მაგრამ ამავე დროს თავდაცვითი შელოცვებისა და აურების დიდი არსენალი გააჩნია. მაგებს კლანის კოდექსი არ უკრძალავთ გამოიყენონ ყველაზე გამანადგურებელი და სარისკო შელოცვები (შედეგი ამართლებს საშუალებას). ყველაფერთან ერთად პერსონაჟი დროის მაგიასაც ფლობს, რომელსაც ეფექტურად იყენებს, როგორც თავდაცვისას, ასევე თავდასხმისას.

DiabloII-დან ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟი კარდინალური ცვლილებების გარეშეა (პირდაპირ ლილუ დალასია „მეხუთე ელემენტი“-დან).

ვისაც გული არ უთმენს, ბმულზე შეუძლია იხილოს ყველა პერსონაჟის საბაზისო შესაძლებლობანი, ხელმისაწვდომი ბეტავერსიაში.

ვიზუალურად DiabloIII  ზებუნებრივი გრაფიკით არ გამოირჩევა და ერთი შეხედვით Titan Quest-ს მო­გვა­გონებს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ყველაფერი იმდენად დეტალურად და სკრუპულოზურად არის შესრულებული, რომ მხოლოდ აღტაცებას იწვევს. გარდა ამისა, თამაშის ერთ-ერთი სახასიათო ელემენტი საკმაოდ კარგად შესრულებული ფიზიკაც იქნება, რომელიც თავად გეიმპლეის ფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. მაგალითისათვის: ბარბაროსის დარტყმის შემდგომ გატყორცნილი მონსტრი თუ შეასკდება ხის სვეტს, დალეწავს მას და ჩამოშლილი თაღის ნანგრევები სხვა მონსტრებსაც ჩამარხავს.

ერთადერთი საეჭვო მომენტი არის უარის თქმა მაგიური და სასიცოცხლო ენერგიის შესავსებ ელექსირებზე. ადრე, თუ თავად მოთამაშე წყვეტდა სად, რომელი ტიპის სასმელი გამოეყენებინა, ახლა მხოლოდ ე.წ. დროპზე ვართ დამოკიდებულნი, ანუ დამარცხებული მოწინააღმდეგე გვიტოვებს აღნიშნული ელექსირების მსგავს ენერგეტიკულ სფეროებს, რომლებსაც მოთამაშე თავისი პერსონაჟის ძალების აღსადგენად იყენებს. დაახლოებით ამდაგვარი Devil May Cry-ში გვაქვს ნანახი, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება იგივე სისტემა DiabloIII-ში, ამას  სულ მალე გავიგებთ. იმედს ვიტოვებ, რომ Blizzard-ის მესვეურნი არ ჩადებდნენ გეიმპლეიში რაიმე გაუაზრებელ ელემენტს და აღნიშნული გეიმ-მექანიკის ელემენტი თავისებური ტაქტიკის გამომუშავების საშუალებას მოგვცემს. საბოლოო ვერსიაში რა იქნება ჯერ უცნობია, რადგან ბეტა ტესტირებისას მოთამაშეების საკმაოდ  არაერთგვაროვანი რეაქცია იყო ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, ყველაფერი გეიმპლეის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად გაკეთდება.

ოპტიმისტური შეგრძნებებით აღსავსე ვამთავრებ მცირე მიმოხილვას და იმედს ვიტოვებ, რომ Blizzard-ი კვლავ თავის დონეზე იქნება და მორიგ საკულტო თამაშს შემოგვთავაზებს. Diablo და DiabloII-ის რელიზის შემდგომ ყოველწლიურად სხვადასხვა კატეგორიის დეველოპერები ამბიციური განცხადებებით გამოდიოდნენ და მორიგ დიაბლო ქილერს გვთავაზობდნენ, რომელიც „დაასამარებდა“ მას და პირველობას მოიპოვებდა.  გადიოდა დრო.  ყველა პრეტენდენტი დავიწყებას მიეცა, ხოლო DiabloII-ს დღემდე მილიონობით გეიმერი თამაშობს და Battle.net-ის სერვერები  ხალხის ნაკლებობას არ უჩივიან. ეს იყო ლეგენდა, რომელიც სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან უნდა დამთავრებულიყო. DiabloII ნელ-ნელა მიდის, რათა ადგილი ახალ ლეგენდას – Diablo III-ს დაუთმოს… მეფე მოკვდა – გაუმარჯოს მეფეს!

P.S. ვისაც Diablo-ს სიუჟეტის და ისტორიის შედარებით ღრმად გაცნობა სურს, ვურჩევ შემდეგი ბმულები მოინახულოს:

Diablo III: Wrath

Diablo III – Diablo LORE

აქვე შეგიძლიათ იხილოთ თამაშის ერთერთი სადებიუტო ტრეილერი

კატეგორია: თამაშები, ონლაინ თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება