markup logo

498

CarSafe თქვენი სიცოცხლის სადარაჯოზე

ruli

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ხდება ცნობილი, გადაღლილი მძღოლი საჭესთან იგივე მდგომარეობაში იმყოფება, როგორც საშუალოზე მეტად ნასვამი ადამიანი. შენელებულია რეაქცია, გარემოს აღქმის ადეკვატურობა. მხედველობაც სუსტდება და ასეთი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი პოტენციური საფრთხე ხდება, როგორც თავად მძღოლისათვის, ასევე გარშემო მყოფთათვისაც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მრავალი ავტომწარმოებელი ფირმა ცდილობს დანერგოს უსაფრთხოების სხვადასხვა საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინციდენტები. მონტაჟდება პულსომეტრები საჭეზე, ალკოჰოლის შემცველობის დეტექტორები ამონასუნთქში და ასე შემდეგ, მაგრამ ამდაგვარი ფუფუნება მხოლოდ თანამედროვე და ძვირადღირებული მანქანების მფლობელთათვის არის ხელმისაწვდომი. რა ქნას საშუალო კატეგორიის მომხმარებელმა, თუ მას ხშირად სტრესულ და დაღლილ მდგომარეობაში უწევს ავტომობილის მართვა?

მსგავსი კითხვა გაუჩნდა დამოუკიდებელ დეველოპერულ ჯგუფ – Dartmouth College-საც და შექმნეს მინი პროგრამა Android -ის ბაზაზე, რომელიც დაგეხმარებათ ფხიზელ მდგომარეობაში დარჩეთ. ამისათვის მხოლოდ ორკამერიანი სმარტფონი დაგჭირდებათ Android-ის ოპერაციული სისტემით, რომელიც მაგრდება საქარე მინაზე და მიმართულია მძღოლისაკენ. ფრონტალური კამერა რეგულარულად აკვირდება საჭესთან მჯდომ ადამიანს და აფიქსირებს ნორმებიდან გადახვევებს. თუ თვალის ხამხამის რითმი დაირღვა და დახუჭული ფაზები გაიზარდა, ან მძღოლი თავს ვერ იმაგრებს და, რომ იტყვიან. ყვინთავს საჭესთან, პროგრამა მომენტალურად ტეხს განგაშს და ცდილობს მძღოლი გამოაფხიზლოს. გარდა ამისა, თუ საჭესთან მყოფი პიროვნება გზისაკენ ნაკლებად იყურება და გონება ეფანტება, მაშინაც განგაშის სიგნალი ირთვება.

android_carsafe

უსაქმოდ არც უკანა პანელზე განთავსებული კამერა რჩება. იგი თვალყურს ადევნებს სატრანსპორტო საშუალებათა შორის დისტანციას და საშიში მანევრისას ან სხვა ტრანსპორტთან დასაშვებზე მეტად მიახლოებისთანავე განსხვავებული ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს პატრონს.

CarSafe გასულ თვეს პიცბურგის ყოველწლიურ გამოფენაზე – UbiComp-ზეც იყო წარმოდგენილი და საკმაოდ დიდი ყურადღება დაიმსახურა. ჩატარდა სადემონსტრაციო ტესტები რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ  სხვადასხვა მწარმოებლის ავტომობილები და სმარტფონები. შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა და მრავალი კომპანია დაინტერესდა ამ მეტად საჭირო და ეფექტური საშუალებით. პროგრამის ერთ-ერთი შემქმნელის – Andrew Campbell-ის აზრით მალე ჩატარდება სრულმასშტაბიანი ტესტირებების სერია რეალურ პირობებში, რათა გამოვლინდეს სისტემის უზუსტობა თუ ნაკლებად ეფექტურობა. მოხდეს მათი დროული აღმოფხვრა და CarSafe –ის  მასიური დანერგვა მომხმარებელთა ფართო წრეებში.

სამწუხაროდ აღნიშნული პროგრამა ჯერ დახურულ ტესტირებას გადის და ჩვენმა რედაქციამ ვერ მოახერხა პირადად „დაეგემოვნებინა“ იგი. მწარმოებელთა ჯგუფთან გამართული მიმოწერის ფონზე ვიმედოვნებთ უახლოეს პერიოდში მივიღოთ ე,წ. ბეტა-ტესტირებისათვის განკუთვნილი ვერსია და თავადვე გავერკვეთ მის ავკარგიანობაში.

გისურვებთ მშიდობიან მგზავრობას CarSafe-ით და მის გარეშეც.

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება