markup logo

392

Amazon-ი გაუშვებს ათასობით თანამგზავრს, რათა უზრუნველყოს ინტერნეტი მთელ მსოფლიოში

Amazon-ი გეგმავს გაუშვას 3236 თანამგზავრი დედამიწის ახლო ორბიტაზე, რათა უზრუნველყოს ინტერნეტი მთელ მსოფლიოში იმ ადგილებშიც, სადაც ამ დრომდე არაა ან არასაკმარისად ხელსაყრელია. ინიციატივას სახელად ჰქვია Project Kuiper.

Amazon-ი რიგით ბოლოა მთელ რიგ კომპანიებს შორის, რომლებიც გეგმავენ გამოიყენონ ათასობით თანამგზავრისგან შემდგარი ქსელი მთელი მსოფლიოსთვის ინტერნეტის მისაწოდებლად. ტრადიციული თანამგზავრული ინტერნეტისგან განსხვავებით გეგმები ემყარება დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებულ თანამგზავრებს, რომელთა მართვაც უფრო ადვილია, იაფია და ხორციელდება მინიმალური შეფერხებებით. SpaceX, როგორც უკვე ვიცით, აპირებს ორბიტაზე გაუშვას 12 ათასი თანამგზავრი თავის პროექტ Starlink-ის ფარგლებში, OneWeb გეგმავს 650 თანამგზავრის გაშვებას, Facebook-იც მუშაობს საკუთარ ინტერნეტ-თანამგზავრებზე.

პროექტი Kuiper ითვალისწინებს განთავსების მხრივ სამი სხვადასხვა სიმაღლის თანამგზავრებს: 784 თანამგზავრი გაიგზავნება დედამიწის ზედაპირიდან 367 მილ სიმაღლეზე, 1296 – 379 მილზე და 1156 თანამგზავრი განთავსდება 391 მილ სიმაღლეზე. ხსენებული თანამგზავრული ქსელი მთლიანობაში დაფარავს იმ ტერიტორიას, სადაც დედამიწის მოსახლეობის 95%-ზე მეტია დასახლებული.

როდესაც კომპანიას კომენტარებისთვის მიმართეს, Amazon-ის წარმომადგენელმა განაცხადა:

„Project Kuiper – ეს ახალი ინიციატივაა ახლო ორბიტაზე თანამგზავრების გაგზავნის შესახებ და იგი უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ვრცელი დაფარვის კავშირს მცირე შეფერხებებით იმ ადგილებში, სადაც დღესდღეობით არასაკმარისი მომსახურებაა ამ მხრივ. ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ათეულ მილიონობით ადამიანის მომსახურებას, რომელთაც არ აქვთ საკმარისი წვდომა ინტერნეტზე“.

Amazon-ი ჯერჯერობით არ ახმაურებს, თავად აპირებს თანამგზავრების წარმოებას თუ მათ გარეშე მხარისგან შეიძენს. აგრეთვე გადასაწყვეტია – როგორ აპირებს კომპანია მათ ორბიტაზე გაყვანას. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ჯეფ ბეზოსს საკუთარი კოსმოსური კომპანია აქვს (Blue Origin) და არის ვარაუდი, რომ Amazon-ი სწორედ ამ შესაძლებლობას განიხილავს.

პროექტისთვის აგრეთვე საჭიროა დედამიწაზე არსებული მართვის ცენტრების არსებობა თანამგზავრების სამართავად. გასულ წელს Amazon-მა აამოქმედა AWS Ground Station – cloud computing-სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა დამყარდეს კავშირი კოსმოსსა და დედამიწას შორის.

ჯერჯერობით უცნობია თარიღი, როდის შეძლებს Amazon-ი გეგმების განხორციელებას. ამისათვის საჭიროა მან მიიღოს თანხმობა კავშირების ფედერალური კომისიისგან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი ფაქტორი ის გახლავთ, რომ თანამგზავრები ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ კოსმოსურ ნაგვად იქცევა და არის ალბათობა, რომ ხსენებული თანამგზავრებით გაიზრდება ახლომდებარე ორბიტას დანაგვიანების საფრთხე.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება