markup logo

423

Airbus-მა წარადგინა მფრინავი ტაქსის – CityAirbus-ის პირველი პროტოტიპი

კომპანია Airbus-მა გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში მოაწყო თავისი პირველი მფრინავი ტაქსის – CityAirbus-ის პრეზენტაცია.

მფრინავ აპარატ CityAirbus-ს შეუძლია გადაადგილდეს 120 კმ/სთ სიჩქარით 30 კილომეტრის მანძილზე. ეს ტაქსი მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში 2025 წელს გამოჩნდება. მფრინავი ტაქსის წონა 2,2 ტონას აღემატება. მის შიგნით არის ორი ადგილი მგზავრებისთვის და ერთი – მძღოლისთვის, თუმცა ამ ტაქსიში ინტეგრირებული იქნება უპილოტო გადაადგილების ფუნქციაც. CityAirbus-ის ღირებულება 1 მლნ ევროს შეადგენს.

ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემის წყალობით CityAirbus-ს არ სჭირდება დიდ ფართობის საფრენი მოედნის გამოყენება. უახლოეს პერიოდში გერმანიის ხელისუფლება დაიწყებს კანონმდებლობაზე მუშაობას, რომლის მიხედვითაც ნებადართული იქნება ქალაქის პირობებში საფრენი აპარატების ტაქსებად ან პირად ტრანსპორტად გამოყენება.

მიუხედავად პრეზენტაციისა, Airbus–ს ამ დრომდე არასდროს განუხორციელებია CityAirbus-ის ფრენის სახალხოდ გამოცდა. გარდა ამისა, მცირე ხნის წინ Airbus-მა, Audi-მ და Italdesign-მა წარადგინეს მომავლის საფრენი კაფსულა-ტაქსის – Pop.Up-ის მოდელი.

მფრინავი ტაქსებისადმი ამჟამად მთელ მსოფლიოში შეინიშნება გაზრდილი ინტერესი. ჰოლანდიური კომპანია PAL-V უკვე წინასწარ შეკვეთებს იღებს მსოფლიოში პირველ სერტიფიცირებულ მფრინავ ავტომობილზე. დრონების ჩინური მწარმოებელი Ehang-ი კი თავის ერთადგილიან უპილოტო აპარატებს მიაწვდის დუბაის ხელისუფლებას – მათი მოქმედებაში მასიურად დანერგვა მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. აგრეთვე თავისი პირველი სამგზავრო დრონის ტესტირება უკვე განახორციელა კომპანია Passenger Drone-მა.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება