markup logo

766

უკვე გაიცანით Microsoft Surface?

მაიკროსოფტის ახალმა პრომო რგოლმა გუშინ და დღეს საკმაოდ დიდი მითქმამოთქმა გამოიწვია, პრომო მართლაც შთამბეჭდავია. გუშინ როდესაც ეს რგოლი იუთუბზე გამოჩნდა ისიც კი ვიფიქრე რომელიმე თავგამოდებული მაიკროსოფტის თაყვანისმცემელის გაკეთებული “კონცეპტია” მეთქი, თუმცა მერე აღმოვაჩინე რომ ვიდეო მაიკროსოფტის ოფიციალური ეკაუნტით იყო დადებული.

მაშ ასე, რა არის Microsoft Surface. მარტივად რომ ვთქვათ ესაა ერთდროულად პლანშეტიც და ლეპტოპიც. მობილური კომპიუტინგის ბაზარზე ასეთი მძაფრი კონკურენციის პირობებში, მითუმეტეს მას შემდეგ რაც Windows 7-ის მობილური ვერსია ფაქტიურად ჩავარდა, მაიკროსოფტს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. შესაბამისად ბიჭები და გოგოები რედმონდიდან საქმეს სერიოზულად მიუდგნენ და გადაწყვიტეს თავის ახალი, უნივერსალური ოპერაციული სისტემისთვის (Windows 8) პლატფორმის აპარატული მხარე თავად შექმნან. აი ასე გაჩნდა Surface-ის იდეა.

 

რა მეთქმის….ძალიანაც კარგი. თუმცა აქვე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო რომ Windows Phone 7-ის წარუმატებლობის, გნებავთ ნაკლები წარმატების მთავარი მიზეზი არა აპარატული მხარე არამედ ფაქტიურად არარსებული ეკოსისტემა იყო, ანუ მაიკროსოფტმა თავის დროზე ვერ შეძლო “დეველოპერების” დარწმუნება იმაში რომ Phone 7-ისთვის აპლიკაციების წერა სარფიანი საქმე იყო. თუმცა დარწმუნებული ვარ ეს და სხვა პრობლემები მაიკროსოფტის ანალიტიკოსებს ჩვენზე უკეთ აქვთ შესწავლილი და გასიგრძეგანებული, ასე რომ სჯობს ისევ Surface-ს დავუბრუნდეთ.

Surface წარმოდგენილი იქნება ორ ვერსიად, შედარებით მსუბუქი ვერსია ARM პროცესორების ბაზაზე და Pro ვერსია Ivy Bridge პლატფორმით, ანუ Core™ სერიის პროცესორები, USB 3.0 და დანარჩენი Ultrabook-y-ს შესაბამისი სპეციფიკაცია. ოპერაციული სისტემაც მათთვის, ვერსიების შესაბამისად იქნება ოპტიმიზირებული. მსუბუქ ვერსიაზე დადგება Windows RT (Windows 8-ის შემსუბუქებული, მხოლოდ Metro Style ვერსია), ხოლო Pro ვერსია სრულფასოვან Windows 8-ს მიიღებს.

საერთო ამ ორ ვერსიას ექნებათ ეკრანი (“ClearType” 16:9 შეფარდებით, 10.6-დიუიმი, 1920×1080 რეზოლუციით), სრული ზომის USB პორტი, წინა და უკანა კამერები, HDMI პორტი, Gorilla Glass და მაგნიუმის კორპუსი. მაიკროსოფტი ასევე გვპირდება რომ Surface-ს WiFi სიგნალის საუკეთესო მიღება ექნება პლანშეტებს შორის, 2×2 MIMO ანტენის დახმარებით.

 

სამწუხაროდ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი ამ ორი მოწყობილობის ფასზე, გარდა იმისა რომ “ფასი კონკურენტუნარიანი იქნება” :დამაჯერებელიტონით: რაც შეეხება გაყიდვების დაწყებას, მაიკროსოფტი გვპირდება, რომ Surface-ის ARM ვერსია დახლებზე Windows 8-ის “დარელიზებასთან” ერთად გამოჩნდება, ხოლო Pro ვერსია 90 დღეში წამოეწევა. მოკლედ მაგიდაზე სამჯერ ვაკაკუნებთ და ველით.

პ.ს. მესამე თაობის აიფედი არავის გინდათ იაფად? 😀

კატეგორია:

კომენტარის დატოვება