markup logo

834

კომპლექსური უტილიტების ნაკრები Cosmos

cosmos_002

კომპიუტერთან აქტიურად მომუშავე მომხმარებელთა უმეტესობას დროდადრო უჩნდებათ პრობლემა კომპიუტერის შედარებით ნელი და არასტაბილური მუშაობისა, რისი მიზეზიც ხშირად ოპერაციული სისტემის „დაძველებაა“. დროთა განმავლობაში სისტემური რეგისტრები ივსება არასაჭირო ინფორმაციით, თავად Windows-იც იბერება ათასგვარი წვრილმანი ფაილური სტრუქტურით და  სისტემაც ნელდება.

ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალია მისი განახლება და სუფთა ფურცლიდან მუშაობის დაწყება, მაგრამ ზოგჯერ მსგავსი მომენტი მიუღებელია: დროის უქონლობა, ლიცენზირებული პროგრამები პირველწყაროს გარეშე, სამსახურებრივი ინფორმაცია და ასე შემდეგ. მაშ რა უნდა ქნას მომხმარებელმა, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური?

სწორედ ასეთი სიტუაციებისათვის შეიქმნა კომპლექსური უტილიტების ნაკრები სახელად Cosmos, რომლის ერთადერთი და უცვლელი დანიშნულება ОC Windows-ის ბაზაზე პერსონალური კომპიუტერების მუშაობის  ოპტიმიზაციაა.

Support.com სხვა პროდუქტების მსგავსად  Cosmos-საც შეუძლია დაიტრაბახოს დახვეწილი და ერგონომიული ინტერფეისით, რომელიც მთლიანად მომხარებლის კომფორტზეა ორიენტირებული. ძირეულ ფანჯარაში თავმოყრილია დაახლოებით ოცდახუთამდე სხვადასხვა მინიპროგრამა და უტილიტა, რომლებიც  ქვეკატეგორიებადაა დალაგებული და, მიუხედავად გამოცდილებისა, იუზერი მარტივად მოახერხებს ორიენტირებას და სასურველი კატეგორიიდან საჭირო განყოფილების მოძებნას.

მაგალითად, „Security & Privacy“-ში იხილავთ ფაილების უსაფრთხო წაშლის უტილიტას – File Shredder-ს, აგრეთვე Privacy Cleaner-საც, რომელიც განკუთვნილია კონკრეტული მომხმარებლის პირადული ფაილების მოსაცილებლად, როგორებიცაა ბრაუზინგის ისტორია,  ე.წ. „კუკისები“, ინტერნეტ მესენჯერის ლოგინ მონაცემები და ასე შემდეგ. აგრეთვე გამოგადგებათ File Encryptor-ი, რომელიც დაგეხმარებათ დაიცვათ პირადული ინფორმაცია არასანქცირებული წვდომისაგან.

განყოფილება Backup & Recovery-ში ყველაფერია თავმოყრილი, რაც საჭიროა მონაცემთა სარეზერვო კოპირებისათვის და ოპერაციული სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაილების აღსადგენად. იქვე გვეძლევა საშუალება  შევქმნათ ფიქსირებული წერტილები OS-ის აღსადგენად, რომლის აქტუალურობაც ორმაგდება სისტემასთან რაიმე ექსპერიმენტების, ან გაურკვეველი წარმოშობის სოფტის ინსტალაციის წინ. Undelete დაგეხმარებათ შემთხვევით წაშლილი ფაილების მონახვასა და, შეძლებისდაგვარად დაუზიანებლად, აღდგენაში (ზებუნებრივი შესაძლებლობები არ გააჩნია, მაგრამ წაშლის შემდგომ მოკლე დროში საკმაოდ ეფექტურად მუშაობს).

cosmos_001

„Disk Optimizers“, „Registry Optimizers“ და „Windows Optimizers“ – ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები განკუთვნილია სისტემის წარმადობის და სტაბილურობის გაზრდისათვის HDD-ს, სისტემური რეესტრის და ზოგადად ოპერაციული სისტემის ოპტიმიზაციის ხარჯზე. შესაძლებლობა გვეძლევა ჩავატაროთ ვინჩესტერის სკანირება „ბედ ბლოკების“ მოსაძებნად, მოვაწესრიგოთ ფრაგმენტირებული ფაილური სტრუქტურა, განთავისუფლდეთ დროებითი ან დუბლირებული  და უსარგებლო ფაილებისაგან.

და ბოლოს, განყოფილება Other Utilities შეიცავს ისეთ უტილიტების ნაკრებს, რომელიც არცერთ ზემოჩამოთვლილ განყოფილებას არ განეკუთვნება, მაგრამ საკმაოდ სასარგებლო ფუნქციები გააჩნია. მაგალითად, PC Fixer-ს შეუძლია აღმოაჩინოს და ავტომატურად მოაწესრიგოს უმეტესი ყველაზე გავრცელებული პრობლემა.  Startup მენეჯერის მეშვეობით შეძლებთ ჩატვირთვადი კონტენტის მონიტორინგს და არასასურველი პროგრამებისაგან განთავისუფლებას. გარდა ამისა,  ვირუსული მოდულის გამშვები ფაილების აღმოჩენაშიც დაგეხმარებათ, ხოლო Scheduled Maintenance გაძლევთ საშუალებას წინასწარ დაგეგმოთ სხვადასხვა ოპერაცია და პროგრამა ავტომატურად შეასრულებს ყველა ქმედებას წინასწარ გაწერილი შაბლონის მიხედვით.

დამეთანხმებით, რომ Cosmos საკმაოდ შთამბეჭდავი უტილიტების ნაკრებს შეიცავს და ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ ვრცელდება, ხოლო თუ 49,99$ გადაიხდით, მაშინ თქვენ განკარგულებაში აღმოჩნდება პროფესიონალური ვერსია, რომელიც კიდევ მეტად გაფართოებული და მძლავრი უტილიტებითაა აღჭურვილი.

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება