markup logo

1,424

ინტელის ახალი ჩიპსეტი (x79), სოკეტი(LGA-2011) და პროცესორები (Core i7 3960X, 39**K, 38**)

 

„პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა“- გახსოვთ ეს პასაჟი იოანეს სახარებიდან? კარგი, არც მე მახსოვდა ზუსტად, მერე დავგუგლე და აღმოჩნდა, რომ ასეა და არა „პირველად იყო სიტყვა……“ როგორც მე მეგონა.
მოკლედ, პირველად იყო სოკეტი LGA-1366, და სოკეტი იგი იყო Intel Core i7-სა თანა, და სახელი პლატფორმისა იყო „Nehalem”. შემდეგ, დაახლოებით ერთ წელიწადში, მას მოჰყვა ახალი სოკეტი, LGA-1156. პროცესორები ამ სოკეტისთვის კოდური სახელით „Lynnfield“ თითქმის ისეთივე სწრაფები იყვნენ როგორც „Nehalem”-ები, და პლატფორმაც მთლიანობაში უფრო იაფი ჯდებოდა. შესაბამისად ახალმა სოკეტმა და მასზე მორგებულმა პროცესორებმა სწრაფად დაიმკვიდრეს ადგილი სასუფ……… რაღაც ძალიან გადავიჭერი ხომ? ეს ბოლო იყო. სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ბაზარზეც და მომხმარებლების გულებშიც. 2011 წლის დასაწყისში კი გამოჩნდა ზუსტად „Lynnfield“ პლატფორმის მემკვიდრე (და არა ჰაი-ენდ „Nehalem”-ის, როგორც ბევრი იმედოვნებდა, ჩემი ჩათვლით), მეინსტრიმ დესკტოპ (Mainstream Desktop) ვერსია – „Sandy Bridge” პლატფორმა, ახალ LGA-1155 სოკეტზე. ახლა ძალიან ბევრი უნდა ვწერო ყველა იმ პროცესორზე და ჩიპსეტზე, რომლებიც ამ ახალ სოკეტთან კომბინაციაში გვხვდებოდა, მაგრამ ამჯერად ეს არ არის საჭირო, რადგან ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ საშუალო ხარისხზე……
ასე იყო თუ ისე, „სენდი ბრიჯის“ გამოჩენის შემდეგ ყველა კომპიუტერულმა ენთუზიასტმა და თავმოყვარე „გიკმა“ იცოდა, რომ „ჰაი-ენდ“ დესკტოპ (high-end desktop) ვერსია მუშავდება, და მოვა დრო როდესაც LGA-1366-ის, x58 ჩიპსეტის და „ნეჰალემის პლატფორმის“ სხვა ამაყი წევრების ღირსეულ მემკვიდრეებს ვიხილავთ.
და ეს დროც დადგა, „Sandy Bridge E” ჩვენთანაა (ამ სიტყვების შემდეგ აქციაზე შეკრებილი ხალხი ყიჟინს უმატებს). რამოდენიმე თვის წინ შევეგებეთ ახალ სოკეტს, LGA-2011 (წელიწადთან არაფერ კავშირშია, ესაა კბილანების (pin) რაოდენობა პროცესორის ბუდეში/სოკეტში), ახალ ჩიპსეტს x79 და შესაბამისად ახალ პროცესორებს მათთვის. ესენია –
Intel Core i7 3960X – 6 ფიზიკური ბირთვით, ანუ ჯამში 12 ნაკადით (გააქტიურებული „Hiperthreading“-ის შემთხვევაში) ტაქტური სიხშირით 3.3გჰც ნორმალურ რეჟიმში და 3.9გჰც ტურბო რეჟიმში და 15მბ(!!!) მესამე დონის „კეშით“ (L3 Cache).
Intel Core i7 3930K – თითქმის იგივე რაც მისი უფროსი ძმა, იმ სხვაობით რომ ტაქტური სიხშირეები ნორმალურ და ტურბო რეჟიმებში შემცირებულია 100 მეგაჰერცით და მესამე დონის „კეშიც“ მხოლოდ 12მბ-ია (იმედი მაქვს არავის გეცოტავათ, აქამდე L3 Cache-ის რაოდენობა „სენდი ბრიჯის“ ნებისმიერ პროცესორზე 1მბ-დან 8მბ-მდე მერყეობდა, ასე რომ…)
და ბოლოს, სულ ცოტა ხნის წინ, თუ არ ვცდები თებერვალში, გამოჩნდა ამ მონსტრების ნაბოლარა ძმა Intel Core i7 3820 – 4 ფიზიკური ბირთვით (8 ნაკადი), ტაქტური სიხშირით 3.6გჰც ნორმალურ და 3.8გჰც ტურბო რეჟიმებში. L3 კეშმა აქაც ოდნავ დაიწია 10მბ-მდე.

რაც შეეხება ფასებს, გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ფასები ასე გამოიყურებოდა, 999$, 583$ და 294$. და ეს მხოლოდ პროცესორის ფასებია, არ დაგავიწყდეთ, რომ დაგჭირდებათ დედაპლატის განახლებაც, თუ ამჟამად “Sandy Bridge”-ის მომხმარებელი ხართ და ახალ „Sandy Bridge E”-ზე გადაწყვეტთ გადასვლას.
როგორც ხედავთ ამ ნახტომს თავის ფასი აქვს, პირდაპირი გაგებით და არც თუ მცირე. თუმცა მე პირველივე…….არა, მომდევნო ხელფასით (ჯერ ახალი აიფედის ჯერია) შევიძენ რომელიმე მაკომპლექტებელს.
თქვენ რას შეიძენთ პირველივე ან მომდევნო ხელფასით? მოგვწერეთ კომენტარებში და განვიხილოთ.

კატეგორია: Hardware, PC .

კომენტარის დატოვება