markup logo

1,178

დაანონსდა ახალი iPad–ი, დადასტურდა ჭორების ნაწილიც

 

დიახ, დაანონსებულია და დიახ, ზუსტადაც რომ „ახალი iPad-ი“, არა “iPad 3”, არა “iPad 2s”, არა “iPad HD” როგორც ბევრი ჩვენგანი ელოდა. უბრალოდ „ახალი iPad-ი“ – ასე გაგვაცნო 7 მარტს ეფლმა საკუთარი პირმშო.
მაშ ასე, რა გვაქვს ახალი და კარგი. სანამ შიგთავსზე გადავალ აქვე უცბად აღვნიშნავ, რომ დიზაინი არ შეცვლილა, ანუ მოწყობილობა გამოიყურება ისევე როგორც მისი წინამორბედი. ახლა კი მისი აღმატებულობა „შიგთავსი“ ! პირადად ჩემთვის უმთავრესი იყო ჭორის დადასტურება „რეტინა“ ეკრანის შესახებ (Retina ლათინური სიტყვიდან rēte – ბადე, ბადურა – თხელი, შუქისადმი მგრძნობიარე ქსოვილი თვალის შიდა ზედაპირზე). ასე უწოდებს Apple თავის ახალ ეკრანებს მაღალი გარჩევადობით. ამ შემთხვევაში საუბარია იგივე ზომის (რაც iPad 2–ში) 9.7 ინჩიან LED-backlit IPS თხევადკრისტალურ ეკრანზე, 2048 x 1536 გარჩევადობით, რაც უდრის 3.1 მილიონ პიქსელს, ანუ 264პეი (პიქსელი ერთ ინჩზე), პლიუს გაუმჯობესებულია ფერთა სატურაცია, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ხედვის მაღალი კუთხითაც კი ნაკლებად შეიცვლება გამოსახულების ფერი მის წინამორბედთან შედარებით. დიახ, მეც აჟიტირებული ვარ, ეს იქნება ყველაზე მაღალი გარჩევადობის ეკრანი ტაბლეტების/სლეიტების ბაზარზე, ყოველ შემთხვევაში უახლოესი რამოდენიმე თვის მანძილზე. მერე კი ვნახოთ რას მოიმოქმედებენ Apple-ის პირდაპირი კონკურენტები ბაზრის ამ სეგმენტში.

რაღა თქმა უნდა ამხელა რეზოლუციას ახალი გამოთვლითი სიმძლავრეც სჭირდება, იმისათვის რომ iPad-მა შეინარჩუნოს თავის სახელგანთქმული ჰაეროვანი და „წაჭედვებისგან“ თავისუფალი სამუშაო გარემო. ახალ მოდელს ექნება A5X პროცესორი განახლებული გრაფიკული ჩიპით, რომელშიც თავმოყრილია ცენტრალური პროცესორის ორი ბირთვი (ანუ იგივე რაც iPad 2-ის და iPhone 4s-ის A5-ში გვქონდა) და გრაფიკული პროცესორის ოთხი ბირთვი. Apple გვპირდება, რომ ახალი პროცესორი ოთხჯერ უფრო სწრაფი იქნება ვიდრე ამჟამინდელი ფავორიტი Nvidia-ს Tegra 3.¬¬ მოდი მე აქ აქცენტს გავაკეთებ სიტყვაზე „გვპირდება“, რადგან ეს „ოთხჯერ უფრო სწრაფი“ ხმამაღალი განაცხადი მგონია, ყოველ შემთხვევაში ამ სიტყვების შემოწმების საშუალება სულ მალე მოგვეცემა. ოპერატიული მეხსიერების შესახებ ჭორის გადამოწმება, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი 1გბ-მდე უნდა გაზრდილიყო ამ ეტაპზე ვერ ხერხდება და ვიცნობთ რა ეფლს, თავის პრინციპით არ დააანონსოს ოპერატიულის მოცულობა, სავარაუდოდ, ვერც მოხერხდება, აიფედის დახლებზე გამოჩენამდე.

აღსანიშნავია ასევე ახალი კამერაც. თუ გიცდიათ iPad 2-ით სურათის გადაღება დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ნორმალური ხარისხის კამერა დიდი წინსვლა იქნება წინა მოდელთან შედარებით. ამ შემთხვევაში კი ლაპარაკი მაქვს ახალ iSight კამერაზე, რომელიც თითქმის იგივეა რაც iPhone 4s-ში, იმ სხვაობით, რომ ეს კამერა 5 მეგაპიქსელიანია (4s-ის 8 მეგაპიქსელის წინააღმდეგ). ახალ კამერას აქვს ხუთ– ელემენტიანი ლინზა, მაღალი ხარისხის სენსორით. მას ასევე შეუძლია მაღალი გარჩევადობის (Full HD/1080p) ვიდეოს გადაღება. ეს ყველაფერი კარგად გამოიყურება ქაღალდზე, თუმცა საინტერესოა რა გველოდება ამ მონაცემებსა და სადემონსტრაციო სურათებს მიღმა, რომლებიც რაღა თქმა უნდა იდეალური განათების პირობებშია გადაღებული. ქვემოთ მოყვანილი მესამე თაობის აიფედით გადაღებული სურათი გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეგვიქმნის ახალი კამერის შესაძლებლობებზე საკმაოდ არახელსაყრელ განათების პირობებში გადაღებისას, სადაც ფონი ობიექტის უკან ბევრად უკეთაა განათებული ვიდრე თავად ობიექტი.

მგონი სულაც არაა ცუდი, რას იტყვით? ყოველ შემთხვევაში შავი შავს ჰგავს და თეთრი თეთრს, ფერებიც საკმაოდ მკვეთრია, არც „ნოიზი“ გამოსჭვივის დიდად.
რაც შეეხება კავშირს, ტრადიციული WiFi 802.11 a/b/g/n გარდა, ახალ iPad-ს (უფრო ზუსტად ახალი აიფედის 4G ვერსიებს) ექნება რადიო მოდული LTE-ს მხარდაჭერით, ანუ თეორიულად შეიძლება მივიღოთ 72მბ/წმ-მდე ინტერნეტ კავშირის სიჩქარე. რაღა თქმა უნდა, ჩვენი მობილური ოპერატორების ხელში ეს თეორია ამ ეტაპზე თეორიადვე დარჩება, მაგრამ „რო რამე“ სიახლეებს შემზადებულები შევხვდებით. მიუხედავად LTE რადიოს „ენერგომადისა“ Apple ირწმუნება, რომ ელემენტი მათ ახალ მოწყობილობას ისევ 10 საათის განმავლობაში ამუშავებს. სავარაუდოდ, ამ დაპირების საშუალებას მწარმოებლებს მოწყობილობის 9.4მმ-მდე გაზრდილი სისქე და 652/662გ-მდე გაზრდილი წონა აძლევს, თუმცა 0.6მმ და 51გ სხვაობა iPad 2-თან შედარებით, პრობლემას არავის შეუქმნის. ყოველ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრით ეს ცვლილებები ამად ღირს.
ეფლმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და ახალი აიფედი წარმოდგენილი იქნება ექვს ვერსიად (WiFi 16/32/64GB და WiFi + 4G 16/32/64GB). საბაზისო მოდელი ეღირება 499$, ფლაგმანი კი 829$. Apple.com -ზე უკვე შესაძლებელია აიფედის დაჯავშნა, გაყიდვები კი ოფიციალურად 16 მარტს დაიწყება.
თუ (ჩემი არ იყოს) ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი გირჩევნიათ, ინებეთ ლინკი “Apple Event”-ის ვიდეოჩანაწერით.

P.S სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ახალი iPad-ის დაანონსების ფონზე, Apple-მა მთელი 100$-ით შეამცირა iPad 2-ის საფასური, უფრო სწორად მის ორ საბაზისო ვერსიაზე „WiFi 16GB” და “WiFi+3G 16GB”. ახლა მათი შეძენა შესაძლებელია შესაბამისად 399 და 529 დოლარად. ასე რომ….
და თქვენ რომელ „ტაბლეტს“ იყენებთ სამუშაოდ/გასართობად? მოგვწერეთ კომენტარებში. მე პირადად ციტრამონის და ასპირინის გარდა აქტიურად ვიყენებ iPad 2-ს.

კატეგორია: Hardware, პლანშეტები .

კომენტარის დატოვება