markup logo

471

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

IMPIRE

Dungeon Keeper ბრუნდება?

90-ნი წლების პლეადის გეიმერებს კარგად ემახსოვრებათ, აწ უკვე გაუქმებული სტუდიის – Bullfrog Productions-ის მიერ შექმნილი სკანდალური სტრატეგია სახელად Dungeon Keeper და Dungeon Keeper 2, რომლებიც 1997 და 1999 წლებში გამოვიდა.

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.paradoxplaza.com/games/impire
ოფიციალური ტრაილერი: http://www.youtube.com/watch?v=YgG19_Sp4Zk
 

პირველად კომპიუტერული თამაშების ისტორიაში გეიმერს შესთავაზეს იყოს ბოროტი ძალების მბრძანებელი და დაუპირისპირდეს დადებით გმირებს, გაანადგუროს ისინი, დაიმონოს, აწამოს და თავის მხარეზე გადაიბიროს (ანტი Diablo). მსგავსი სისტემის შექმნის მცდელობა მანამდეც იყო, მაგრამ ასეთი მასშტაბის და გააზრების აქამდე არ ახსოვდა კომპიუტერული თამაშების სამყაროს. სამწუხაროდ სტუდია მალევე EA-მ შთანთქა და ეს უნიკალური გარემო უპატრონოდ დარჩა.

გავიდა მრავალი წელი და, აი როგორც იქნა, Dungeon Keeper-ს ღირსეული მემკვიდრე გამოუჩნდა. სტუდია Cyanide და Paradox Interactive ოფიციალურად მოახდინეს ანონსირება პროექტისა სახელად Impire, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ხსენებულ Dungeon Keeper-ს, როგორც სტილისტიკით, ასევე გეიმმექანიკითაც.

სიუჟეტი მსგავსია ხსენებული Dungeon Keeper-სა, ანუ ჩვენ მოგვიწევს ვიყოთ ბოროტების იმპერიის მბრძანებელის – ბაალ-აბადონის როლში ყოფნა, რომლის მიზანიც მიწისქვეშეთის სრული დაპატრონება, ძალების მოკრება და ზეციურ სამყაროში შეჭრაა. ამისათვის მოგვიწევს გამოქვაბულების და მთელი გალერეების თხრა, საცხოვრებელი და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა, სხვადასხვა კატეგორიის რესურსების მოპოვება და რაღა თქმა უნდა ჯარის წვრთნა მომავალი შეტაკებებისათვის. გზადაგზა ზედაპირიდან ჩამოსული რაინდები სიცოცხლეს გაგიმწარებენ, რადგან ყველა ნორმალური რაინდის წმინდათაწმინდა მოვალეობაა ბოროტების დამხობა და მისი ძირფესვიანად განადგურება. შესაბამისად კარგად მომზადებული მებრძოლების გარეშე შორს ვერ წახვალთ, მაგრამ გარდა ამისა შეგეძლებათ სხვადასხვა მაგიური შელოცვების გამოყენებაც, ათასნაირი ხაფანგის დაგება და ასე შემდეგ. ბნელი ძალების ერთპიროვნული ლორდის ტიტულს სხვა ავსულებიც შეგეცილებიან და მხოლოდ რაინდებთან და პალადინებთან შეტაკებით საქმე არ დამთავრდება. მოკლედ მოწყენა არ მოგიწევთ, რადგან ყველა მხრიდან წნეხის ქვეშ ყოფნა არც ისე ადვილია.

Impire-ს რელიზის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია – სავარაუდოდ ეს 2013 წლის პირველ ნახევარში უნდა მოხდეს. თამაში მხოლოდ PC ვერსიის სახით გამოვა და გარდა სტანდარტული მულტიპლეერისა, კოოპერატივის რეჟიმიც ექნება.

ქსელური გართობის მოყვარულთათვის ზედგამოჭრილია, რადგან ყველას ეძლევა საშუალება თავისი ვერაგი სტრატეგიული ნიჭის გამოვლინებისა.

შემოგიტიეს რაინდებმა? შეუტიეთ თქვენც.

 

 

Transformers: Fall of Cybertron

გონიერი ჯართის აჯანყება

 

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.transformersgame.com/
ოფიციალური ტრაილერი: http://www.youtube.com/watch?v=MYj6nahlp_M

 

 Xbox და PlayStation 3-ის მფლობელთათვის უკვე ხელმისაწვდომია Transformers: Fall of Cybertron-ის დემო ვერსია, რომელიც High Moon Studios-მ შექმნა. სხვათაშორის იგივე გუნდი მუშაობდა ტრანსფრმერების წინა ორ ნაწილზეც და ყოველთვის ახერხებდა ფანების ყურადღების დამსახურებას.

დემო ვერსია საშუალებას გვაძლევს თამაშის  პირველი დონე სრულფასოვნად გავიაროთ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ჩვენ აღმოვჩნდებით ერთ-ერთი „კეთილი“ ტრანსფორმერის – ბამბლბის როლში, რომელსაც უწევს მეგატრონის და მისი მინიონების შეტევების მოგერიება. გარდა სტანდარტული საბრძოლო გარემოსი, ჩვენ შეგვხვდება საჰაერო შეტაკებებიც, რადგან ინტერვენტები ძირითადად ორბიტიდან აღწევენ პლანეტაზე და მათი განადგურება ჰაერშიც არის შესაძლებელი. თუ სტანდარტული რობოტი არ დაგაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ საკუთარი კონფიგურაციის გონიერი რკინის მეომარი შექმნათ, რომელიც უკეთესი მახასიათებლებით იქნება დაჯილდოებული, ვიდრე საბაზისო ავტობოტი.

სანახაობრივად თამაში უაღრესად შთამბეჭდავია. საკმაოდ დეტალური პერსონაჟები, გარემო და გემოვნებიანი VFX-ი განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის. ერთადერთი რაც შეიძლება უარყოფით მხარედ ჩაითვალოს, ეს არის თამაშის საკმაოდ მკვეთრად გამოხატული სწორხაზოვანი სიუჟეტი და უკვე კატასტროფულად მოძველებული კონსოლებისათვის ვარგისიანი გრაფიკა. მწარმოებლები ყველანაირად შეეცადნენ მაქსიმალური გამოეწურათ იმ ლიმიტებისაგან, რასაც კონსოლები ადგენენ და საბედნიეროდ საკმაოდ კარგი შედეგი მიიღეს (ჩემი სუბიექტური აზრით, Xbox 360 და PlayStation 3 დიდიხანია მოსაცილებელია, რადგან მათი მწირი ტექნიკური შესაძლებლობები პირდაპირ კლავენ თანამედროვე გეიმინდუსტრიას. საჭიროა უახლოეს პერიოდში ჩანაცვლდეს ახალი თაობის აპარატებით რათა გეიმდეველოპერებს გასაქანი მიეცეთ).

დემო ვერსია ქსელური შეტაკებების საშუალებაცას გვაძლევს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ორი რეჟიმია ხელმისაწვდომი – Team Deathmatch და Conquest. მწარმოებლები სხვა მრავალ რეჟიმსაც გვპირდებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური ვერსიის გამოსვლის შემდგომ.

პროექტი კროსპლატფორმულია და ერთბაშად გამოვა PC, Xbox 360 და PlayStation 3, ხოლო რაც შეეხება რელიზს – სავარაუდოდ 3 სექტემბერს შედგება და გონიერი მანქანების მოყვარულთათვის კიდევ ერთი გასართობი გაჩნდება.

 

 

StarCraft 2 – Heart of the Swarm

ზერგების შემოჭრა გადაიდო?

 

ოფიციალური ვებ გვერდი: http://eu.battle.net/sc2/en/game/heart-of-the-swarm-preview/
ოფიციალური ტრაილერი: http://www.youtube.com/watch?v=SG_3R9BoVvg

 

2012 წლის მაისში Blizzard-მა უკვე გამოუშვა Diablo 3. სექტემბერში დაგეგმილია World of Warcraft: Mists of Pandaria-ის გაყიდვაში ჩაშვება და შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ კომპანია წელსვე მოახდენს მესამე დიდი პროექტის რელიზს თითქმის ნულის ტოლი ხდება. ანუ სავარაუდოდ  StarCraft 2, Heart of the Swarm-ს წელს უკვე აღარ უნდა ველოდოთ.

იგივე მოსაზრებას გამოთქვამს ისეთი მსხვილი საექსპერტო სააგენტო, როგორიცაა Cowen & Company. მათი აზრით StarCraft 2-ის მეორე ეპიზოდს მხოლოდ გაისად მივიღებთ, რადგან Blizzard-ს ჩვევია თამაშის რელიზამდე მინიმუმ 6 თვით ადრე ბეტა-ტესტირების დაწყება, ხოლო ამა წლის ბოლომდე კი სულ რაღაც ხუთი თვეღაა დარჩენილი, ტესტირება კი ჯერ არც გამოცხადებულა.

 მსგავსი ნაბიჯი Blizzard-საგან უკვე აღარავის უკვირს, რადგან მათი სტილი ასეთია – ჯობია გვიან და დახვეწილი, ვიდრე ნაჩქარევად და ნახევარფაბრიკატი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამდენი ტესტების, გასწორებების და წვალების მიუხედავად იდეალური არც მათი პროდუქტია და რეგულარულად საჭიროებს პეჩების და აპდეიტების დაყენებას.

შეგახსენებთ, რომ StarCraft 2: Wings of Liberty-მა კინაღამ სამი წელი დააგვიანა და ნახევარი წელი მეორე ეპიზოდისათვის სრულიად ლოგიკურიც იყო. ერთადერთი რაც Heart of the Swarm-ს შესახებ გახდება მასებისათვის ხელმისაწვდომი, ესაა 15-19 აგვისტოს დაგეგმილი Gamescom-ზე გამოსატანი მულტიპლეერ-დემო, სადაც გახსნილი იქნება სამივე რასის ახალი იუნიტები და ასე შემდეგ.

მოლოდინი მომაბეზრებელია, მაგრამ სჯობს გვიან  ვიდრე არასდროს.

 

 

S.T.A.L.K.E.R. 2

გაუთავებელი ჭორების ტყვეობაში

S.T.A.L.K.E.R. 2-ის შესახებ უკვე იმდენი ჭორი დადის რომ ძნელი გახდა სიმართლის გამოვლენა. წინა გამოშვებებში ერთხელ უკვე ვისაუბრეთ მის შესახებ და წარმატებით „დავასამარეთ“ კიდეც Survarium-ის სასარგებოდ, მაგრამ ამით საქმე არ შემოიფარგლა. „მიცვალებული“ სავარაუდოდ ისევ ცოცხალია და არ აპირებს დანებებას.

სერგეი გალენკინის ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ ანონიმურ, მაგრამ სანდო წყაროზე დაყრდნობით, აცხადებს თავის ბლოგზე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები  S.T.A.L.K.E.R. 2-ის ინკარნაციასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით სერგეი გრიგორევიჩს მობეზრდა თამაში და სავაჭრო მარკა S.T.A.L.K.E.R.-ი გაყიდა Bethesda-ზე. მალევე გამოქვეყნდა ამ ინფორმაციის გამაბათილებელი განცხადებაც, მაგრამ დროთა განმავლობაში ქსელში სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ჟონავს პროექტის განახლების შესაძლებლობაზე.

ახალი ინფორმაციით ჯერ კიდევ გრეგორიევიჩის ხელთ არის და იგი ეძებს ახალ გამოგმცემელს თამაშის გასაგრძელებლად. დარწმუნებით რაიმის თქმა ყოვლად შეუძლებელია, მაგრამ ერთი რამ 100% დადასტურებულია. თუ ახალი გამომცემელი და თამაშის შემქმნელი გუნდი მართლაც არსებობს, ისინი უკრაინელები არ იქნებიან.

მსგავსი ჭორები არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს გეიმერებს შორის. ნაწილი მათგანი აღტაცებას ვერ მალავს პროექტის შესაძლო აღორძინების გამო, ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია გარეშე გუნდმა შეინარჩუნოს S.T.A.L.K.E.R.-ის უნიკალური ატმოსფერო და ასე შემდეგ. მოკლედ ამდენ ჭორებში გავიხლართე და  გადაჭრით მტკიცება ძალიან მიჭირს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სჯობს თამაში გაგრძელდეს, თუნდაც სახეცვლილი სახით, ვიდრე სამუდამოდ ჩაბარდეს ისტორიას.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება