markup logo

1,080

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

Rainbow Six: Patriots

გეიმერების დიდი ნაწილი საკმაოდ შეშფოთდა, როდესაც 2012 წლის E3-ის გამოფენაზე Ubisoft-მა Rainbow Six-ის გაგრძელება Patriots არ წარადგინა. მაგრამ მარკეტინგისა და გაყიდვების ვიცეპრეზიდენტმა  ტონი კეიმ დაამშვიდა აღელვებული საზოგადოება და სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ პროექტი არა თუ არ შეჩერებულა, არამედ სრული სვლით მიდის ფინიშისაკენ.

ოფიციალური ვერ გვერდი: www.ubisoft.com

ვიდეო პრევიუ: http://www.youtube.com/watch?v=dAvqTEsi_MU

Official Trailer: http://www.youtube.com/watch?v=pMz8PKe5RFU

შარშან გამოჩენილი პირველი ოფიციალური ტრეილერის დემონსტრირებისთანავე გაკეთდა განცხადება, რომ თამაში 2013 წლისთვის დასრულდებოდა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო თარიღი ასევე გაურკვეველი ვადით გადაიდო.

გამართულ პრესკონფერენციაზე არაერთი კითხვა იყო დასმული თამაშის შესახებ და პირდაპირი თუ ირიბი პასუხების ანალიზის შემდგომ, შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს Ubisoft მიზანმიმართულად ამუხრუჭებს პროექტს ახალი თაობის კონსოლების მოლოდინში, კერძოდ კი 2013 წლისთვის დაგეგმილი Sony PlayStation 4 და Xbox720-ის. გეიმ დეველოპერები და გამომცემლები ამ ეტაპზე გაურკვევლობაში არიან, რადგნ არ იციან საით გააკეთონ აქცენტირება: უკვე გამოცდილ და აპრობირებულ სისტემეზე, თუ დაელოდონ მომავალ კონსოლებს  მოსალოდნელი გეიმერული ბუმის მოლოდინში.

თავად Rainbow Six Patriots-ის შესახებ ძალიან ცოტა რამ თუ ვიცით, რადგან მწარმოებელი კომპანია შეუვალ დუმილს ამჯობინებს და რამდენიმე ვიდეოპრევიუთი და გეიმპლეის მცირედი მონაკვეთის დემონსტრირებით შემოიფარგლება.

სიუჟეტის მხრივ თამაში ტრადიციებს არ ღალატობს და მოქმედება ამჯერად ტერორისტული დაჯგუფება „True Patriots“-ის ირგვლის განვითარდება, რომელთა მიზანია გაწმინდოს სახელმწიფო, ბიზნესი თუ პოლიტგარემო კორუმპირებული ჩინოვნიკებისაგან. ასეთი არჩევანი დაჯგუფების წევრებმა მას მერე გააკეთეს, რაც დარწმუნდნენ კანონის უძლურობაში მსგავსი კატეგორიის ხალხის წინაშე, რომლებიც კანონს და გაიძვერა ადვოკატებს ამოფარებულნი ყოველთვის ახერხებდნენ თავის გამართლებას და, რომ იტყვიან, მშრალად გამოძრომას.

 ჩვენ მოგვიწევს ანტიტერორისტული ჯგუფის „Rainbow“ სპეცრაზმელის სახით არც თუ ისე მარტივი არჩევანის გაკეთება, რადგან კანონით ვალდებულია ებრძოლოს ტერორისტებს, მორალურად კი მათ მხარეზეა. მსგავსი დილემის წინაშე  მყოფი გეიმერის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია სიუჟეტის განვითარება, რადგან სავარაუდოდ იგი სწორხაზოვანი არ უნდა იყოს და დამოკიდებული იქნება რამდენიმე საკვანძო მოვლენაზე, რაც თავის მხრივ უფრო მეტ ინტერესს და ინტრიგას დაბადებს.

თამაშის მოყვარულებს, რომლებიც, ცოტა არ იყოს და, იმედგაცრუებულნი დარჩნენ, ერთადერთი მოთმინებით ლოდინიღა რჩებათ.  მომავალი ჰიტის მოლოდინში  კი ვურჩევ რაიმე სხვა თამაშით გულის გადაყოლებას.

 

Left 4 Dead

მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია

დიდი ხნის სიჩუმის შემდგომ ქსელში ჭორის დონეზე კვლავ გამოჩნდა ინფორმაცია Left 4 Dead-ის ახალი ვერსიის შესაძლო შექმნის შესახებ. ასევე ჭორის დონეზეა ცნობილი, რომ პროექტზე Valve Software-ს მაგივრად სტუდია Overkill Entertainment-ი მუშოაბს და რომ შესაძლოა მალე გეიმსაზოგადოებას ოფიციალურად აუწყონ   ამის შესახებ.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ახალი თამაში Left 4 Dead-ის პირველი ნაწილის პრიკველის სახით იქნება წარმოდგენილი და ბოლოსდაბოლოს გაირკვევა, თუ რატომ მოხდა უამრავი ხალხის მასიურად ზომბებად გარდაქმნა და ასე შემდეგ. სახეცვლილებას განიცდის თავად თამაშის პროცესიც, რადგან იგი წარმოდგენილი იქნება როგორც Left 4 Dead და Payday: The Heist-ს ნაზავის სახით და ორივედან მხოლოდ საუკეთესოს აიღებს.

დღესდღეობით მოიპოვება ძალიან ცოტა რეალური ინფორმაცია, და ჭირს რაიმე კონკრეტულზე საუბარი, მითუმეტეს, როდესაც ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებებიც კეთდება. მაგალითად, კომპანია Valve Software ადასტურებს Overkill-თან თანამშრომლობას, მაგრამ ამავე დროს არანაირ კომენტარს არ აკეთებს Left 4 Dead-ის შესახებ.

ისევე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაჩნდა ჭორი, რომ ზოგადად ამ სერიის გაყინვა მოხდება და უახლოეს პერიოდში საერთოდ არ უნდა ველოდოთ არანაირ სიახლეს ამ მხრივ, თუმცა, მეორე ბანაკის კონსპირატორები 2-3 თვეში ოფიციალურ ანონსს გვპირდებიან. როგორც ნათქვამია, ჭეშმარიტება სადღაც შუაშიაო და სავარაუდოდ ასეც იქნება.

ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა პროექტთან დაკავშირებით ძალიან მიჭირს, რადგან მრავალი წყაროს ანალიზის შემდგომ, სურათი კვლავაც ბუნდოვანია.  რადგან არ არსებობს ოფიციალურად დადასტურებული არც თანხმობა და არც უარყოფა, ისღა დაგვრჩენია ვიმკითხაოთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 

Lollipop Chainsaw

ლამაზმანი იაპონიიდან

ოფიციალური ვერ გვერდი: http://www.lollipopchainsaw.com/

ვიდეო პრევიუ: http://www.youtube.com/watch?v=NtNpyGznaug

 Official Trailer: http://www.youtube.com/watch?v=IDmaJwKK_ZI

 როგორც ერთმა ბრძენმა თქვა, იაპონელებს სამი ძირითადი პრობლემა აქვთო: სიმაღლე, წვრილი თვალები და სკოლის მოწაფე გოგონები. ანიმეს მოყვარულები დამეთანხმებიან თუ რამდენად დიდ ყურადღებას უთმობენ იაპონიაში მდედრობითი სქესის პერსონაჟის უტრირებულად ქალურ გარეგნობას და ეროტიულ გარდერობს, ხოლო დაუფარავად პედოფილური გადახრები კი უკვე აღარავის აკვირვებს.

თამაში Lollipop Chainsaw იაპონური სტუდია Grasshopper Manufacture-საგან სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება და წარმოადგენს თავბრუდამხვევ  სლეშერისა და ზომბი აპოკალიპსის ნაზავს. მთავარი გმირი ტოლს არ უდებს კრატოსს და ხშირად მასზე უფრო პირსისხლიანიცაა, მაგრამ მოდით ჯერ სიუჟეტი განვიხილით, თუმცა აქედანვე გასაგებია, რომ რაიმე შედევრს არ უნდა ველოდოთ.

თამაშის მთავარი გმირი – ჯულიეტა, ყოფილი ჩირლიდერი და სპორტული ცხოვრების სტილის ფანატი გოგონაა, რომელმაც ახლახანს დაამთავრა სკოლა და კოლეჯის კარი პირველად შეაღო, მაგრამ უსიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა ზომბების მთელი ლეგიონები.

ერთ-ერთი მოწაფის ავადმყოფური მისწრაფებების და ცოტაოდენი შავი მაგიის დახმარებით კოლეჯის სრული კონტინგენტი, დაწყებული მოწაფე-მასწავლებლებიდან დამთავრებული ბუფეტის დამლაგებლით, ყველა კლასიკურ, ანუ უტვინო და გაუმაძღარ ზომბად იქცა.

სწორედ ამ მომენტზე მთავრდება სიუჟეტი და იწყება უმოწყალო ხოცვა-ჟლეტის ათასნაირი ვარიაციების დემონსტრირება.

თამაშის სახელიდან გამომდინარე გასაგები უნდა იყოს, რომ მთავარი გმირის ძირითადი იარაღი ბენზოხერხია, მაგრამ ვარდისფერი და გულებით მორთული (ფუსუსუნა ხერხია), რომელსაც ის შესაშური ოსტატობით იყენებს და შანსს არ უტოვებს არავის. გარდა ამისა, Lollipop Chainsaw-ს სავიზიტო ბარათი სპორტული აკრობატიკა და ჩირლიდერული პოზიორული მოძრაობებიცაა.

როგორც უკვე აღვნიშნე, იაპონელები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ გოგონების გარეგნობას, უტრირებულ ქალურ ფორმებს და რაღა თქმა უნდა ჩაცმულობას, უფრო სწორად მისი არარსებობის ოსტატურად მასკირებას. ამ მხრივ Lollipop Chainsaw-იც არ არის გამონაკლისი. ჯულიეტა,  ჟანრის თავისებურებიდან გამომდინარე, არის წარმოდგენილი საკმაოდ ეფექტური გოგონას სახით, რომელიც გარდა მონსტრების ჩეხვისა და აკრობატული ილეთებისა, კამერაზეც წარმატებულად მუშაობს. ანუ ფარულად თუ ღიად ახდენს საკუთარი „ღირსებების“ დემონსტრირებას და რაც უფრო შორს მიდის თამაში მით უფრო ფართო ასპარეზი ეძლევა, რადგან გარდერობის არჩევანი იზრდება დაწყებული მინი ბიკინით და დამთავრებული „ცელქი მსახურის“ კოსტუმით (მოკლე კაბის ქვეშ თვალთვალის მოყვარულთათის ოქროს დრო დგება).

 მთავარი გმირი აურაცხელი მოწინააღმდეგის წინაშე სრულად მარტო არ არის. მას ხშირად ყოფილი ბოიფრენდის თავი ეხმარება, რომელსაც ჯულიეტა ყველაზე ძვირფას ადგილზე ჩამოკიდებულს ატარებს (თავის დროზე ამ ვაჟკაცს ზომბიმ უკბინა და სანამ ინფექცია ტვინამდე მივიდოდა, გოგონამ შეიბრალა იგი და თავი მოჰკვეთა, რათა ასეთი სახით მაინც შეენარჩუნებინა მისი საღი აზროვნება). უმეტესად იგი მხოლოდ აქსესუარია და ძალიან იშვიათად თუ ეხმარება ყოფილ შეყვარებულს. დროდადრო რჩევას აძლევს და ასევე დროდადრო ჯულიეტა მას ჭურვის სახითაც იყენებს, მაგრამ საბოლოოდ ეს მხოლოდ ლირიული გადახვევაა და ორიგინალური დანამატის სახე უფრო აქვს.

თამაში კონსოლურია და გამოვა როგორც Xbox360, ასევე Sony PlayStation-ზეც, შესაბამისად, ჯოისტიკზე ნაანგარიშევი მართვა და ნავიგაცია გამარტივებული იქნება. კლასიკური სლეშერის ჟანრის ტრადიციებიდან გამომდინარე,  ავტოდამიზნების სისტემა და 2-3 ღილაკიანი ბრძოლის რეჟიმები გარანტირებულია, რათა დაიფაროს „ტრაკტორისტული“ მართვის სტილი და თამაშს მეტი დინამიურობა შესძინოს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ Grasshopper Manufacture-ის ხელმძღვანელი – გოიტი სუდა არ გამორიცხავს Lollipop Chainsaw-ს სენსორული მოდულის PS Move-ს მხარდაჭერასაც, გამოდის, რომ თამაშს წარმატება და დიდძალი მოგება ფაქტიურად გარანტირებული აქვს.

Crytek-ი

და „უფასო“ თამაშების ბუმი

არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ჩვენ საუბარი გვქონდა უფასო ონლაინ შუტერ – Warface-ზე, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა მთელ რიგ ქვეყნებში. როგორც გაირკვა, მსგავსი პროექტის რეალიზება მწარმოებელი სტუდია Crytek-ის მხრიდან მხოლოდ საცდელი ნაბიჯი იყო. ამიერიდან იგი მთლიანად პირობითად უფასო თამაშების შექმნაზე გადაერთვება, მაგრამ ჯერ ბოლომდე მიიყვანს Crysis 3, Homefront 2-ს და Ryse. ამის შემდგომ  Crytek მხოლოდ უფასო და მხოლოდ ონლაინ თამაშების შექმნას შეუდგება.

კომპანიამ გადაწყვიტა რევოლუცია მოახდინოს ქსელური თამაშების ინდუსტრიაში და თავისი ახალი კანონები დაამკვიდროს. უფასო თამაშის გაგონებისას ხშირად მოიაზრება უგემოვნო და დაბალი კლასის თამაშების გროვა, რომლითაც გაჭედილია ინტერნეტი, მაგრამ Crytek-ი ამ სტერეოტიპის დამსხვრევას შეეცდება და აპირებს შექმნას AAA კატეგორიის ბლოკბასტერები 10-დან 30 მილიონამდე ბიუჯეტებით და ასე შემდეგ.

ბევრს კითხვა დაებადება, თუ რაში სჭირდება ამოდენა კომპანიას ასეთი ბიუჯეტებით აკეთოს უფასო თამაშები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე? ამის ნათელი მაგალითია Team Fortress2, რომელიც ასევე სრულიად უფასოა, მაგრამ რეალურ ფულზე იყიდება ექსკლუზიური იარაღი და ინდივიდუალიზმის შემძენი აქსესუარები (როგორც გაირკვა, 50 მილიონის  მარტო პერსონაჟებისათვის ვირტუალური ქუდები გაიყიდა 2011 წელს). TF2-ს ეკონომისტების მტკიცებით შემოსავალი ჯერადად გაიზარდა მას მერე, რაც თამაში პირობითად უფასო გახდა, რადგან გეიმერი რაიმე დანამატში 1- და 2 დოლარს უფრო მარტივად იხდის, ვიდრე 30 ერთბაშად. მცირედი შენაძენები გაცილებით ხშირია და საბოლოო ჯამში გაცილებით მეტი შემოსავალიც მოაქვს.

ასე რომ, Crytek-ში ფილანტროპების ძებნას ტყუილად დაიწყებთ – ყველაფერი კომერციულად გათვლილი და გარანტირებულ მოგებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ამავე დროს გეიმერებიც არ იქნებიან უკმაყოფილონი, რადგან მაღალი კლასის თამაშები და თანაც უფასოდ დღესდღეობით იშვიათი გამონაკლისია.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება