markup logo

515

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

game-review-header2

ბოლო დროს გავრცელებული ჭორები, რომ სტუდია Team Ninja ახალი თამაშის შექმნაზე მუშაობს, დადასტურდა. გამომცემელმა Tecmo KOEI-მ ოფიციალურად წარადგინა Yaiba: Ninja Gaiden Z, რომელიც წარმოადგენს ცნობილი სლეშერების სერიის -Ninja Gaiden-ის მორიგ ვარიანტს.

Yaiba: Ninja Gaiden Z

მკვლელი ნინძა მომავლიდან
ოფიციალური საიტი: http://teamninja-studio.com/yaiba/
ოფიციალური ტრაილეტი: http://www.youtube.com/watch?v=ljgk-fawu24

 Yaiba_001

 

მართალია, ძველი გმირით – Ryu Hayabusa-თი ამჯერად თამაში შეუძლებელია, მაგრამ საშუალება გეძლევათ მისი განადგურება სცადოთ. მოთამაშეს განკარგულებაში სულ სხვა ნინძა ხვდება, რომელიც თავის დროზე Ryu-მ პირადად გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ მიცვალებული, თანამედროვე ტექნოლოგიების და მცირედი მაგიის დახმარებით, მკვდრეთით აღადგინეს, გამოტენეს ათასნაირი ლექტრონიკით, რის შემდგომაც მკვლელი ერთიორად საშიში და დაუნდობელი გახდა.

Yaiba_002

კიბორგის ძალა და სისწრაფე აუცილებლად გადჭირდებათ, რადგან ხსენებული Ryu Hayabusa-ს გარდა ზომბების და ნაირ-ნაირი მონსტრების განადგურებაც მოგიწევთ. დაუდასტურებელი ინფორმაციით ვამპირების გამოჩენაცაა მოსალოდნელი, მაგრამ ისევ და ისევ ჭორის დონეზე გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე – რაიმის კონკრეტული თქმა ძნელია.

თავად თამაში შექმნილია კომიქსური გრაფიკის სტილში და  ვიზუალურად  გეიმპლეი გაცოცხლებულ ჟურნალის ილუსტრაციებს მოგვაგონებს. სპეციფიკური შიედერები და სხვადასხვა პოსტ ეფექტები აძლიერებს ნახატის შეგრძნებას და თავისებურ – განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის.

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, თამაშის შექმნაზე ამერიკული სტუდია – Spark Unlimited მუშაობს, რომელიც მონაწილეობდა Call of Duty-ის პირველი ნაწილის კონსოლურ ადაპტაციაში და Capcom-ის შეკვეთით Lost Planet 3-ზეც აქტიურად მუშაობს. სავარაუდოდ მსგავსი თანამშრომლობის ფონზე ამერიკული სტუდია დაუახლოვდა იაპონელ კოლეგებს, მაგრამ Team Ninja კურირებს ყველაფერს და აკონტროლებს დეველოპინგის ფაზებს.

გარდა ამისა, Team Ninja-მ დაადასტურა სერიალის მესამე ნაწილის – Ninja Gaiden 3: Razor’s Edge-ს გადამუშავებული და განახლებული ვერსიის Wii U-ს პლატფორმისათვისაც მზადება. სამომავლოდ იგივე ბედი Ninja Gaiden Sigma 2-საც ელის, ოღონდ PS Vita-ს პლატფორმისათვის ადაპტირების სახით.

ფაქტია რომ სტუდიას არ სძინავს და აქტიურად მუშაობს. ცდილობს მოთამაშეთა გულის მოგებას და ამისათვის ძალ-ღონეს არ იშურებს. ახალმოდური მინი კონსოლებიც არ ავიწყდებათ და, რომ იტყვიან, ყველა ფრონტზე უტევს. მსგავსი მიდგომა მხოლოდ მისასალმებელია და იმედს ვიტოვებთ მსგავსი აქტიურობა არ შეწყდება.

 

Castlevania

ეკრანიზაციაზე მუშაობა განახლდა

castlevania_logo

მრავალი წლის ადგილზე უშედეგო ტკეპნის შემდგომ, როგორც იქნა საქმე დაიძრა და განახლდა  მუშაობა Castlevania-ს ეკრანიზაციაზე, რის შესახებაც მომავალი ფილმის ერთ-ერთმა მსახიობმა – Michael Dorn-მა განაცხადა. Dorn-ი კინომოყვარულთათვის ცნობილია, როგორც უცვლელი მსახიობი Star Trek-ის მრავალი სრულმეტრაჟიანი თუ მის მოტივებზე გადაღებული სერიალებისა. გარდა ამისა, მონაწილეობა აქვს მიღებული Fallout 2, Fallout: New Vegas და Mass Effect 2-ის გახმოვანებებშიც. ასე რომ, არც თუ ისე შორს არის გეიმინდუსტრიისაგან და მეტ-ნაკლებად ერკვევა ამ დარგის სპეციფიკაში.

Michael Dorn-მა მცირედად, მაგრამ მაინც ახადა საიდუმლოების ფარდა და მომავალი ფილმის რამოდენიმე დეტალი გაგვიმხილა. მისი განცხადებით ფილმი სავსე იქნება ფარიკაობისა და სისხლისმღვრელი შეტაკებების სცენებით, ათასნაირი სპეცეფექტებით და ასე შემდეგ. მართალია მას მხოლოდ „მოკრძალებული“ მაქციის როლი ერგო, მაგრამ მისთვის ეს მაინც მნიშვნელოვანი გამოდგა.

მსახიობმა აგრეთვე გამოხატა დიდი სიხარული იმ ფაქტისადმი, რომ როგორც იქნა თავი მოება ამ პროექტის რეალიზებას, მოხერხდა წინ გადადგმულიყო გადამწყვეტი ნაბიჯი და იმედს იტოვებს, რომ პროექტი აღებულ ტემპებს არ დააგდებს.

castlevania

 

Castlevania-ს ეკრანიზაციაზე საუბრები ჯერ კიდევ 2006 წლიდან მიმდინარეობს, მაგრამ ვერა და ვერ მოხერხდა კინოინდუსტრიის მესვეურთა და თამაშის მფლობელთა შორის შეთანხმება. მაშინ გადაღებას სათავეში პოლ ანდერსონი უნდა ჩადგომოდა და 50.000.000 ბიუჯეტიც გამოინახა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი ჩაკვდა. გადიოდა წლები და სავარაუდო რეჟისორ-პროდიუსერების მთელი არმია გამოიცვალა, მაგრამ საქმე მკვდარი წერტილიდან მაინც ვერა და ვერ დაიძრა. მიზეზები ყოველთვის სხვადასხვა იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ბიუჯეტის არასაკმარის ფონდებამდე დადიოდა და 2009 წელს ეკრანიზაციის მცდელობას საბოლოოდ დაესვა წერტილი, მაგრამ აი მორიგი გამოცოცხლება შეიმჩნევა და იმედია ამჯერად მაინც ყველაფერი კარგად ჩაივლის. მართალია, Michael Dorn-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია Konami-ს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ რადგან ოფიციალური უარყოფაც არ არსებობს, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი მსახიობის ფანტაზიის ნაყოფი კი არა და სასიხარულო რეალობაა.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმედია კინოეკრანებისათვის სიუჟეტის ადაპტაცია პროფესიონალებმა ჩაატარეს. თამაშის პირდაპირი ეკრანიზაცია ნაკლებად მომგებიანი იქნებოდა, რადგან მივიღებდით უაზრო სასაკლაოს სისხლის მდინარეების ფონზე.

P.S. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ შემდეგი ბმულის მეშვეობით მოიპოვოთ: (http://castlevania.wikia.com/wiki/Castlevania:_The_Movie) მართალია ეს ოფიციალური საიტი არ არის, მაგრამ ბევრ საინტერესო ფაქტს გაეცნობით.

 

Metal of Honor: Warfighter

ღია ბეტა-ტესტირება Xbox 360-ის მფლობელთათვის
ოფიციალური საიტი: http://www.medalofhonor.com/
გეიმპლეი: http://www.youtube.com/watch?v=RPBe-_AWvBM

Warfighter_001

Electronic Arts-მა შუტერი Metal of Honor: Warfighter-ის ღია ბეტა-ტესტირება გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეებსაც ხვდათ ბედნიერება პირველებმა გატესტონ მომავალი ბლოკბასტერის ქსელური შესაძლებლობები. გარდა ამისა, ყველა ვინც ტესტირებაში იღებს მონაწილეობას, ოფიციალური რელიზის შემდგომ ერთი საათის განმავლობაში გაორმაგებულ ექსპერიენსს მიიღებს და თანამებრძოლებთან შედარებით სწრაფად „განვითარდებიან“. ერთადერთი შეზღუდვა, რაც ბეტა-ტესტირებას ახლავს თან, ეს არის კროსპლატფორმულობის არ არსებობა და მხოლოდ Xbox 360-ის მფლობელისათვისაა ხელმისაწვდომი.

ბეტა-ტესტირების ფარგლებში მოთამაშეებს სთავაზობენ ქსელური ბატალიების ახალი რეჟიმი – HotSpot შეაფასონ, რომელიც ძალიან ჰგავს დომინაციას ანალოგიურ შუტერებში. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სრულფასოვანი ჯგუფების მაგივრად სტრატეგიული წერტილისათვის ბრძოლა მხოლოდ წყვილებშია შესაძლებელი და არანაირი „ზედახორა“. შემქმნელთა აზრით მსგავსი ნაბიჯი მოთამაშეებს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონესაც მოითხოვს. მხოლოდ სწრაფი რეფლექსები აღარ კმარა – ტაქტიკური აზროვნება მოდის წინა პლანზე და მოთამაშეთა მხრიდან გააზრებული ნაბიჯის გადადგმა გადამწყვეტი ხდება.

Warfighter_002

შეგახსენებთ, რომ Metal of Honor: Warfighter-ის ოფიციალური რელიზი 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი და თამაში ყველა პოპულარული პლატფორმისათვის ერთად გამოვა (РС, PlayStation 3 და Xbox 360), მაგრამ შეძენის წინასწარ განაცხადს თუ  განათავსებთ, მიიღებთ Limited Edition გამოცემას, რომელიც მომავალში The Hunt Map Pack-ზე უფასო წვდომის საშუალებას მოგცემთ.

რელიზამდე თვეზე ნაკლები რჩება და იმედია ამჯერად მაინც მივიღებთ განსხვავებულ გეიმპლეის. მართალია შუტერის კანონებს ვერსად გავექცევით, მაგრამ ეს ხელს არ უშლის საინტერესო სიუჟეტის ქონას. მოკლედ  დაველოდოთ და ვნახოთ.

 

Half-Life 3

ჭორები ანონიმისაგან

half-life-3

Half-Life 3-ის შესახებ ინტერნეტში მრავალი ჭორი დადის და უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთის გამომრიცხავ ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. იწერება ათასი სისულელე და ძალიან ძნელია ინფორმაციის მსგავს ჭრელ მორევში რეალურის გამორჩევა.

ყველაზე ბოლო და ცხელ-ცხელი ნიუსი ანონიმური მომხმარებლისაგან ვრცელდება, რომლის განცხადებითაც მისი მონაცემები უტყუარია, რადგან Valve Software-თან საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები გააჩნია. სიმართლეს რამდენად შეესაბამება  ძნელი გასარკვევია, მაგრამ მაინც.

საიდუმლოებით მოცული პიროვნების განცხადებით თამაში გამოვა Half-Life 3-ის მარკით და არანაირი Half-Life 2: Episode 3 არ იქნება, რადგან მესამე ნაწილი სრულფასოვანი და დამოუკიდებელი პროექტია ყოველგვარი ედდონის ელფერით.

გარდა ამისა, მესამე ნაწილი თავიდან მოიაზრებოდა როგორც კლასიკური შუტერი, მაგრამ თანდათანობით Valve-ის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ საქმისადმი მსგავსი მიდგომა დიდ ვერაფერს შეჰმატებდა პროექტს და საბოლოოდ მორიგ უაზრო და ბანალურ პროდუქტს მიიღებდნენ. ამიტომ, გადაწყდა თამაშში RPG-ს ელემენტები დაემატებინათ, რომ გეიმპლეი უფრო საინტერესო და ორიგინალური გაეხადათ. სავარაუდოდ Half-Life 3 მიიღებს ე.წ. ღია სამყაროს (Open World), დამატებით დავალებებსა და ე.წ. საიდქვესტებს, გაჩნდებიან NPC და სხვა RPG-სათვის დამახასიათებელი ელემენტები.

half-life-3_002

 არ არის გამორიცხული რომ მოწოდებული ინფორმაცია მორიგი ფალსი იყოს და რომელიმე „ხუმარა“ მომხმარებლის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდეს, მაგრამ იმავე წყაროზე დაყრდნობით თამაშის შექმნის პროცესი დასასრულს უახლოვდება და სავარაუდო რელიზის თარიღად 2013 წლის პირველი კვარტალიც კი არის დასახელებული. თუ ეს ყველაფერი მართალია, მოცდა არც ისე ბევრის მოგვიწევს, მაგრამ ისევ და ისევ…  საინფორმაციო წყაროს სანდოობა ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება