markup logo

504

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

ჩვენი ტრადიციული რუბრიკის გაგრძელება. აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ გასული კვირის ცხელ სიახლეებს იმ ყველაფრის შესახებ რაც პირდაპირ თუ ირიბად ეხება სათამაშო ინდუსტრიას. მაშ ასე, შეასწორეთ “მაუსფედები”, ვიწყებთ

NHL 13

გენდერული თანასწორობა ვირტუალურად

 

 

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.easports.com/nhl

სადემოსტაციო ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=m4QbPPCGtjw

 

გენდერული თანასწორობის იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება და მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში მსგავსი ლოზუნგით მხოლოდ მარგინალი ძალები სარგებლობენ, პროპაგანდა მაინც თავისას შვრება.  „დაჩაგრული“ სქესისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება კომიკურად გამოჩნდა Diablo III-ში, სადაც ყველა გმირს ჰყავდა თავისი საპირისპირო სქესის ანალოგი და განსაკუთრებით კომიკურად გამოიყურებოდა ბარბაროსი ქალბატონი J.

მსგავსი სქემით შეიქმნა NHL 13-ც, სადაც სერიალის განმავლობაში პირველად გამოჩნდნენ ქალი ჰოკეისტები. EA-ს მესვეურებმა ვერ გარისკეს თავიდანვე ქალთა  სრულფასოვანი ნაკრების წარმოდგენა, მაგრამ დაამატეს რამდენიმე ცნობილი ვარსკვლავი,  ამერიკელი Angela Ruggiero და კანადელი Hayley Wickenheiser.  ქალბატონებს კომპანიონობას გაუწევენ ისეთი ლეგენდარული მოთამაშეები, როგორებიც არიან Dominik Hashek, Douglas Robert Gilmour და Jari Kurri.

 

 

მწარმოებლების განცხადებით თამაში კიდევ უფრო რეალისტური და დინამიური გახდა. დაინერგა ვირტუალური ოპერატორის ახალი სისტემა, რაც საშუალებას  იძლევა ყველა საინტერესო და დრამატული მომენტი დეტალურად და სხვადასხვა რაკურსით ვიხილოთ. კომენტატორები უფრო დინამიურები გახდნენ და მათი რეპორტაჟები კიდევ უფრო სახალისო მოსასმენი გახდა. დაიხვეწა აგრეთვე ფიზიკაც. ამიერიდან NHL 13 მაქსიმალურად მიახლოებული იქნება რეალობას. ანუ, გათვალისწინება ხდება ისეთი წვრილმანებისაც კი, როგორიცაა მოთამაშის წონა და გაბარიტები, მანევრირებისას ინერციის და მასის მოქმედება ჰოკეისტის ტრაექტორიაზე და ასე შემდეგ.

თამაში კროსპლატფორმულია და Xbox Live და PlayStation Network-ის მფლობელებს უკვე აქვთ საშუალება სადემონსტრაციო ვერსია გადმოიწერონ, რათა ჩამოუყალიბდეთ აზრი მომავალ თამაშზე, ანუ, ღირს თუ არა მასში ფულის გადახდა, რადგან სულ მალე შედგება ოფიციალური რელიზიც.

 

 

Metal Gear Solid: Ground Zeroes

საიუბილეო გამოცემა

 

 

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.metalgearsolid.com/landing/en

სადემოსნტაციო ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=L5IVOs5Pxh8&feature=player_embedded

 

Metal Gear Solid-ის ფანატები ცოტა არ იყოს და იმედგაცრუებულნი დარჩნენ, როდესაც ხიდეო კოდზიმამ თამაშის საიუბილეო დღესასწაულზე მოსალოდნელი Metal Gear Solid 5-ის მაგივრად წარმოადგინა  Metal Gear Solid: Ground Zeroes, მაგრამ შემქმნელების სასახელოდ მინდა აღვნიშნო, რომ იმედგაცრუების ეფექტი მალევე გაიფანტა, როდესაც გეიმერებმა იხილეს, თუ რასთან ექნებოდათ საქმე.

თამაშის დემონსტრირება მოხდა PC-ზე, მაგრამ იქვე გაკეთდა განცხადება პროექტის კროსპლატფორმულო­ბაზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში PlayStation 3 და Xbox 360 –ის  მფლობელებიც არ დარჩებიან „დაჩაგრულნი“. კოძიმა შეეცადა ახალი Metal Gear Solid-ი გამოეყვანა ტრადიციული ჩარჩოებიდან და შეექმნა რაიმე სრულიად განსხვავებული. მაგალითისათვის: სტელს ბოევიკების უმეტესობა აგებული შემდეგ პრინციპზე – თუ  მისია მოიაზრება როგორც უჩინარ რეჟიმში გასავლელი და ისე მოხდა, რომ მთავარი გმირი გამოაშკარავდება, ხდება ე.წ. მისიის ჩავარდნა და გეიმერს თამაშის გაგრძელება ან უახლოესი ჩეკპოინტიდან უწევს ან ყველაფრის თავიდან დაწყება. Ground Zeroes მსგავს  შემთხვევებში სულ სხვანაირ სცენარს გვთავაზობს: მთავარი გმირის აღმოჩენის შემთხვევაში თუ მან ვერ მოახერხა გაქცევა ან იარაღით გზის გაკაფვა, ხდება მისი დაპატიმრება და საპყრობილეში გამოკეტვა დამატებითი დაკითხვისათვის.

 

 

 

თითქოს გამოუვალი სიტუაცია, მაგრამ სწორედ აქ არის ყველაზე საინტერესო. დაპატიმრებული თანამებრძოლის გამოსახსნელად ხდება სპეცოპერაციის ორგანიზება და მოთამაშეებს დამატებითი თავსატეხი უჩნდებათ, თუ როგორ მოახდინონ ყველაფრის დაგეგმვა – პირდაპირი და დაუფარავი შტურმი, თუ კვლავ ფარულ რეჟიმში შეპარვა და დაცვის ლიკვიდირება… პირველი ვარიანტი მარტივი დასაგეგმია, მაგრამ განგაშის ატეხვის შემდგომ დიდია ალბათობა პატიმრის დახვრეტისა. გამოდის, რომ მარტივი არცერთი არჩევანი არ არის. თუ ტაქტიკურად იოლ გზას ირჩევთ, შეზღუდული ხართ დროში და თუ დრო ულიმიტო გინდათ გქონდეთ, მაშინ ყველანაირად უნდა მოერიდოთ განგაშის ატეხვას.

სამწუხაროდ, სცენარის სხვა დეტალები არ გაამხილეს და მოთამაშეთა საზოგადოება ინტრიგის ტყვეობაში დატოვეს, მაგრამ გაჟღერებული ინფორმაცია და სადემონსტრაციო ჩვენება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მილიონობით ფანი მოლოდინით აევსო.

 

 

PC თამაშების ბაზარი

მითი და რეალობა

 

პერსონალური კომპიუტერების როგორც სათამაშო პლატფორმისათვის გამოყენება უამრავ კამათს და არაერთგვაროვანი მოსაზრების წარმოქმნას იწვევს. ნაწილი ექსპერტებისა ამტკიცებს, რომ PC –ს მომავალი არ გააჩნია და იგი ნელ-ნელა, მაგრამ გარანტირებულად დეგრადირებს. არანაკლებ კვალიფიცირებული სპეციალისტების მეორე ჯგუფი საპირისპიროს ამტკიცებს და მოსაზრებას ამყარებს PC-ს ტექნიკური ზრდის პოტენციალით და გამოშვებული თამაშების მრავალფეროვნებით.

მოდით გადავხედოთ სურათს, მოვისმინოთ არგუმენტები და ისე გამოვიტანოთ დასკვნა. დავიწყოთ იმით, რომ ისეთი მსხვილმასშტაბიანი კომპანიები, როგორებიცაა Crytek და Ubisoft, თვლიან რომ მომავალი სწორედაც რომ PC-ს აქვს, კერძოდ კი პირობითად უფასო თამაშებს (მსგავსი სისტემა რამდენად გაამართლებს ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მაინც). SimCity-ის წამყვანი პროდიუსერიც იგივე აზრზეა და მიაჩნია, რომ უაზრობაა იმაზე კამათი, აქვს თუ არა PC-ს მომავალი. მისი არგუმენტი ემყარება პირველ რიგში თავად SimCity-ის პოპულარობას და მეორე წონიან არგუმენტად მოჰყავს კომპანია Blizzards-ის მიერ ახლახანს გაშვებული Diablo 3, რომელიც მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერებზეა გათვლილი და შესანიშნავი შედეგები აჩვენა როგორც გაყიდვებით, ასევე გეიმერთა აქტივობის მხრივაც. მალე გაეშვება WoW-ის მორიგი დამატებაც, რომელიც აგრეთვე PC-ს მფლობელთა პრეროგატივაა და ათეულობით მილიონიანი „ლეგიონებიც“ ჰყავს.

 

 

 

კონსოლების მომხრეთა არგუმენტაცია გამოიხატება იმაში, რომ ახალი თაობის სათამაშო პლატფორმები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამოვა, ერთხელ და სამუდამოდ დაასამარებს პერსონალური კომპიუტერებისათვის გათვლილ ბაზარს, რადგან კონსოლური სისტემისათვის გაცილებით მარტივია დაცვის რეალიზება. ერთიანი სტანდარტი მეტ სტაბილურობას გვთავაზობს, ვიდრე  PC  –ის ჭრელი ასორტიმენტი, სადაც ვის რა ნაწილი უყენია და რა კონფიგურაციით, ძნელი გასათვლელია. შესაბამისად, დეველოპერები შეეცდებიან მეტი ყურადღება დაუთმონ კონსოლებს, რადგან ზუსტად ეცოდინებათ თუ რა ტექნიკურ პარამეტრებზე უნდა გათვალონ  მომავალი პროექტი.

გარდა ამისა, კონსოლების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ჯოისტიკით მანიპულირება გაცილებით მარტივი და მოსახერხებელია, ვიდრე  კლავიატურა-თაგვით და ამის გამო მოზარდი თაობა მარტო ამის გამო იტყვის  უარს PC-ზე.

ორივე მხარის არგუმენტაცია არ არის აზრს მოკლებული, მაგრამ მახსენდება მრავალი წლის წინანდელი კამათების მთელი სერიები, როდესაც ჯერ პირველი თაობის კონსოლები მარხავდნენ PC-ს, შემდგომ მეორე თაობა ადებდა საფლავის ქვას, მესამე თაობას კი ყვავილები მიჰქონდა  და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი ერთია – პერსონალური კომპიუტერების ბაზარი, როგორც სათამაშო პლატფორმა ჯერჯერობით ურყევად დგას და საეჭვოა უახლოესი რამდენიმე წელი რაიმემ  შეარყიოს ჩამოყალიბებული სურათი.

 

 

World of Warcraft

Mists of Pandaria

Blizzard-ომანია გრძელდება

 

 

 

ოფიციალური ვებ გვერდი: http://us.battle.net/wow/en/game/mists-of-pandaria/

ოფიციალური სინემატიკი: http://www.youtube.com/watch?v=wvYXoyxLv64

 

Blizzard  აგრძელებს მზადებას WOW-ის მორიგი გაგრძელების – Mists of Pandaria-ს გამოსაშვებად, რომელიც სექტემბრის ბოლოსათვის არის დაგეგმილი, მაგრამ MMORPG ამასთან ერთად 5.0.4 ვერსიის განახლებასაც მიიღებს.

ცინცხალი აპდეიტი შეეხება თამაშის თითქმის ყველა ასპექტს და World of Warcraft-ში მრავალ სიახლეს შეიტანს. ყველა  კლასი განიცდის გადახალისებას, გაჩნდება ახალი შელოცვები და სკილები, აგრეთვე შეიცვლება უკვე არსებული  და უფრო დაბალანსებული და ეფექტური გახდება.

ერთ-ერთი საყურადღებო ცვლილება შეეხება მოთამაშეთა ფაუნის წარმომადგენლებსაც. 5.0.4 განახლება გეიმერებს საშუალებას მისცემს გაუზიარონ თავიანთ გმირებს არსებული ცხოველები. ანუ ამიერიდან ყოველი გმირის საყვარელი არსებები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება იგივე აქაუნტით გახსნილი სხვა პერსონაჟებისათვისაც. ანალოგიური სისტემა, როგორც ეს Diablo III-ში იქნა რეალიზებული, სადაც პირადი ნივთების სკივრი თანაბარია ყველა გმირისათვის, რაც ამარტივებს მათ შორის სხვადასხვა ინვენტარის გადაცემის პროცესს და არანაირი მახინაციები შუალედური და უმაქნისი ე.წ. „სატვირთო“ პერსონაჟების სახით აღარ არის საჭირო.

 

 

საბედნიეროდ სიახლეები ამით არ მთავრდება. განახლებასთან ერთად გველის ე.წ. სერვერთშორისი ზონების ფორმირებაც, სადაც გეიმერებს სხვადასხვა ვერსიის სერვერებიდან გაერთიანების საშუალებას მისცემს. მაგალითისთვის – აზეროტის მცხოვრებლები შეძლებენ გაიარონ „ტერამორის დაცემის“ პირველი ორი სცენარი როგორც ალნიასის, ასევე ორდის მხრიდან. ანუ, სხვადასხვა დამატების სერვერები ერთმანეთს შეერწყმებიან და ნელ-ნელა წარმოიქმნება მართლაც გლობალური და მრავალმხრივი სამყარო, სადაც უკვე არანაირი შეზღუდვა ვერსიების მიხედვით აღარ იარსებებს.

Blizzard-ის მესვეურთა ეს სვლა სრულიად ლოგიკური და გასაგებია. პროექტი საკმაოდ ასაკოვანია და თავისი პოპულარობის პიკი დიდი ხანია გადაიარა, მაგრამ  მიუხედავად ამისა მაინც ჰყავს მილიონობით მომხმარებელი და მსგავსი სისტემების დანერგვით ცდილობენ  მათ შენარჩუნებას. სერვერებს და ვერსიებს შორის ზღვრების მოხსნა დამატებით ინტერესს გააღვივებს გეიმერთა შორის და გარკვეული პერიოდი მათ  შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება