markup logo

423

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

ჩვენი ტრადიციული რუბრიკის გაგრძელება. აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ გასული კვირის ცხელ სიახლეებს იმ ყველაფრის შესახებ რაც პირდაპირ თუ ირიბად ეხება სათამაშო ინდუსტრიას. მაშ ასე, შეასწორეთ “მაუსფედები”, ვიწყებთ

Gamescom 2012

შედეგები

 

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.gamescom-cologne.com/en/gamescom/home/index.php

 

 

Koelnmesse, სათამაშო ინდუსტრიის ევროპის ყველაზე მსხვილმა ორგანიზატორმა დაასრულა  Gamescom 2012  და შედეგებმაც არ დააყოვნა. თამაშების შერჩევაში მონაწილეობას იღებდა 20 ჟიურის წევრი, რომლებიც სპეციალურად იყვნენ  მიწვეულნი მსოფლიოს სხვადასხვა  მასობრივი საინფორმაციო ორგანიზაციებიდან. არავის არ გაჰკვირვებია, როდესაც Dishonored ერთპიროვნული ლიდერი გახდა თითქმის ყველა ნომინაციაში და იგი მოინათლა  2012 წლის ყველაზე სასურველ და მოსალოდნელ თამაშად. Dishonored-ის შექმნაზე მუშაობს ფრანგული სტუდია Arkane, რომელიც გეიმერებს კარგად ახსოვთ Arx Fatalis და Dark Messiah of Might and Magic-ით. დასახელდა  Xbox 360, და PlayStation 3 პლატფორმებისათვის.

ყურადღება დაიმსახურა აგრეთვე  სტუდია Ubisoft-ის Rayman Legends-მაც, რომელიც დასახელდა  საუკეთესო საოჯახო გასართობად და Wii U პლატფორმისათვის საუკეთესო თამაშად.

საუკეთესო PC თამაშის გვირგვინი SimCity-საც ერგო, თუმცა კამათი მისი რეპუტაციის შესახებ დღემდე მიმდინარეობს და ჟიურის გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

PS Vita-ს და მობილური პლატფორმებისათვის საუკეთესოდ LittleBigPlanet გამოცხადდა, თუმცა ჯობია თანმიმდევრულად ჩამოვთვალოთ ყველა ნომინანტი:

  • Gamescom-ის საუკეთესო თამაში – Dishonored (Bethesda)
  • PlayStation 3 -ის საუკეთესო თამაში  – Dishonored (Bethesda)
  • Xbox 360-ის საუკეთესო თამაში  – Dishonored (Bethesda)
  • Wii U-ის საუკეთესო თამაში  – Rayman Legends (Ubisoft)
  • Rayman Legends – საუკეთესო საოჯახო თამაში (Ubisoft)
  • Wonderbook: Book of Spells  – საუკეთესო ტექნოლოგიები(Sony)
  • LittleBigPlanet Vita – საუკეთესო თამაში მობილური პლატფორმებისათვის (Sony)
  • Call of Duty: Black Ops 2  – საუკეთესო მულტიპლეერ თამაში (Activision)
  • SimCity  – PC-სათვის საუკეთესო თამაში  (EA)
  • Warface (Crytek/ Trion Worlds) – საუკეთესო ქსელური და სოციალური თამაში

 

 

თუმცა Gamescom 2012-ს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. Larian Studios-ს სტენდიდან 2 სისტემური ბლოკი დაიკარგა, სადაც Dragon Commander და Divinity: Original Sin სამუშაო მასალები ეწერა. გარდა ამისა, სტუდიის დამაარსებლის  – სვენ ვინკეს განცხადებით კომპიუტერი შეიცავდა ჯერ კიდევ დაუანონსებელი თამაშის მასალებსაც. ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერც ჯილდოდ დაწესებულმა 5000$ –მა უშველა საქმეს. სავარაუდოდ ქურდი ადგილობრივი ტექპერსონალის რიგებშია მოსაძებნი, მაგრამ არც ის ფაქტია გამოსარიცხი, რომ საქმე საწარმოო შპიონაჟის ერთ-ერთ ნაირსახეობასთანაც გვქონდეს.

 

Diablo 3

ახალი შესაძლებლობები გამოცდილი მეომრებისათვის

 

ოფიციალური ვებ გვერდი: http://eu.battle.net/d3/en/
პარაგონ სისტემის პრეზენტაცია: http://eu.battle.net/d3/en/blog/5691269/Introducing_the_Paragon_System-20_08_2012
 

 

 

დიდი ხანი არ არის, რაც Blizzard-მა Diablo3 გამოუშვა, მაგრამ უამრავმა გეიმერმა მოახერხა საკუთარი პერსონაჟის მაქსიმალური განვითარება და მოწყენილობისაგან შეეშვა თამაშს, რადგან მაქსიმალური შესაძლებლობების პერსონაჟს „არაფერი ესაქმებოდა“. აღარ იყო წინსვლის აზარტი და რაიმე ახალი შესაძლებლობის გახსნის საშუალება ბევრმა მოთამაშემ თავი დაანება და ან სხვა პერსონაჟზე გადაერთო, ან საერთოდ შეეშვა თამაშს.  მსგავსი უყურადღებობა თავად Blizzard-ის წარმომადგენლებმაც აღიარეს და მათი იმედი, რომ ძლევამოსილი გმირის მეპატრონე კვლავ და კვლავ გაივლიდა სიუჟეტურ ხაზსს მხოლოდ ეპიკური ნივთების მოპოვების იმედად, მცდარი აღმოჩნდა. ჯერ ერთი – ეპიკური და ლეგენდარული ნივთები მეტად იშვიათი რამ არის და მეორეც – მთელი სიუჟეტური ხაზი დახურო მხოლოდ იმისათვის, რომ რაღაც ნივთი იპოვო და თან დიდი შანსია, რომ გმირის მოთხოვნილებებს ვერც აკმაყოფილებდეს.

 

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით Blizzard-მა მცირედ, მაგრამ მაინც დაკარგა მოთამაშეთა რაოდენობა, ამიტომ კომპანიამ სასწრაფოდ მიიღო ოპერატიული ზომები და ახალი პატჩი შექმნა ვერსიით 1.0.4.

განახლება გარდა იმისა, რომ წვრილმან ბაგებს და შეცდომებს ასწორებს, მოთამაშეს ახალ სისტემას – Paragon-საც სთავაზობს. იგი საშუალებას აძლევს გეიმერს თავისი საყვარელი გმირის განვითარება მას მერეც განაგრძოს, როდესაც იგი მაქსიმუმს, ანუ 60 დონეს მიაღწევს. Paragon საშუალებას იძლევა გმირი კიდევ დამატებით 100 დონეზე განვითარდეს. მართალია, რაიმე ახალი შელოცვა თუ ილეთი აღარ დაემატება, მაგრამ Paragon ლეველის ყოველი შემდეგი დონე მოთამაშის საბაზისო მონაცემებს გაზრდის (ძალა, მოხერხებულობა, ინტელექტი და ჯანმრთელობა). გარდა ამისა, ყოველი დონის გადალახვის შემდგომ მოთამაშეს დაემატება პერმანენტული 3% ოქროსა და ჯადოსნური ნივთების პოვნაზე.

სავარაუდოდ, მსგავსი ნაბიჯი კვლავ „მოაბრუნებს“ უკან მაქსიმალური ლეველის მფლობელ გეიმერებს და წინსვლის აზარტს გააღვივებს, რადგან ყოველი ახალი დონე კარდინალურად ზრდის როგორც მოთამაშის მონაცემებს, ასევე უნიკალური აღჭურვილობის პოვნის შანსებსაც.

 

 

FIFA 13

კიდევ უფრო რეალისტური გახდება

 

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.ea.com/fifa-soccer-13
პირველი ოფიციალური ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=Ia43OgdBHaE
 

 

 

 

თვეზე ნაკლები რჩება FIFA 13-ის რელიზამდე, რომელიც 2012 წლის 11 სექტემბერს არის დაგეგმილი და გამომცემელი Electronic Arts-ის სახით მრავალ სიახლეს გვპირდება. მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უკავია Football Club Match Day სისტემას. იგი ვირტუალურ სიმულატორს რეალურ საფეხბურთო ჩემპიონატთან ასინქრონებს და ყველა ტრავმა, დისკვალიფიკაცია თუ საჯარიმო ბარათები პირდაპირ პროპორციულად აისახება თამაშზეც. მაგალითად, თუ თქვენი ფავორიტი გუნდის წამყვანი მოთამაშე მესია და გარკვეული მიზეზების გამო იგი რეალური ჩემპიონატიდან გააძევეს, შესაბამისად FIFA 13-ის გარემოს სიებიდანაც გაქრება და ვეღარ შეძლებთ მის გამოყენებას. გარდა ამისა, Football Club Match Day ყველა საფეხბურთო სიახლეს შეგვატყობინებს, რათა მოთამაშე საქმის კურსში იყოს და დროზე მიიღოს შესაბამისი ზომები. ანუ,  ამიერიდან  ვირტუალური და რეალური ფეხბურთი ერთმანეთს გადაეჯაჭვა.

 

 

 

FIFA 13-ის გენერალური პროდიუსერის – დევიდ რატერის აზრით მსგავსი სისტემის ინტეგრაცია არის უზარმაზარი ნახტომი და წინსვლა სათამაშო ინდუსტრიის გარემოში. Football Club Match Day სხვა სპორტული სიმულატორისაგან განსხვავებით, მოთამაშეს ემოციურად მეტად დატვირთავს და თამაშის აზარტს შემატებს. მისი განცხადებით გეიმერი ამიერიდან სულ სხვანაირად შეხედავს სათამაშო სპორტ-სიმულატორებს და რეალური ფეხბურთის ხიბლი ვირტუალურსაც შეუერთდება.

თამაში კროსპლატფორმული იქნება და  ერთბაშად გამოვა РС, PlayStation 3 და Xbox 360-სთვის. ყველას ერთნაირი ონლაინ შეერთება და ქსელური შეტაკების შანსი  ეძლევა.

ვიმედოვნებ, ვირტუალურ გარემოს გაყიდული თამაშები და ტოტალიზატორული მახინაციები მაინც არ შეეხება, რადგან ბოლო დროს ძალიან გახშირდა შეტყობინებები სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი მოთამაშეების მხრიდან ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩებში მონაწილეობის შესახებ.

 

 

Ubisoft -მა დაამარცხა მეკობრეები?

 

 

 

Ubisoft გეიმინდუსტრიაში ცნობილია როგორც მეკობრეობასთან მებრძოლი ყველაზე დაუნდობელი და უკომპრომისო კომპანია, რადგან მათი განცხადებით PC თამაშების ბაზრის 93-95% მეკობრულია.

კომპანია არაერთხელ ეცადა თავი დაეცვა მათი პროდუქციის არალეგალური გზით გავრცელებისაგან. ამისათვის მოიგონა ათასნაირი მეთოდი და დანერგა მრავალი სისტემა, რომელიც საჭიროებდა ავტორიზაციის სერვერთან მუდმივ კავშირს, მაგრამ საბოლოო ჯამში მეკობრეების გარდა ყველას შეეშალა ხელი, განსაკუთრებით კი რიგით მოთამაშეებს.

მიუხედავად მეკობრეობასთან ომის ამდენი წარუმატებელი მცდელობისა, კომპანია არ აპირებს თავი დაანებოს PC თამაშების გამოშვებას, მაგრამ თავდაცვის მიზნით ახალ ხერხს მიმართავს.

Ubisoft-ის ხელმძღვანელის – ივ ჟილლმოს განცხადებით გამოსავალი პირობითად უფასო თამაშებშია, ანუ Free to Play სისტემა და ამას ასაბუთებს იმ მოსაზრებით, რომ მსგავსი სისტემა საშუალებას იძლევა მოგება მიიღონ ისეთი ქვეყნებიდანაც კი, სადაც მათ თამაშებს აქტიურად იყენებენ, მაგრამ არასოდეს ყიდულობენ (სავარაუდოდ პოსტსაბჭოთა სივრცე მოიაზრება).

 

 

 

 

Ubisoft-ის გადაწყვეტილების სერიოზულობას ამყარებს ის ფაქტიც, რომ Gamescom 2012-ზე კომპანიამ რამდენიმე AAA კლასის Free to Play თამაშის ანონსირება მოახდინა, როგორებიცაა Silent Hunter Online, Anno Online, The Settlers Online, Heroes of Might and Magic Online. და Ghost Recon Online.

ამ გადასახედიდან კომპანია მეკობრეებს 1:0-ს უგებს, მაგრამ კომერციულად რამდენად გაამართლებს პირობითად უფასო თამაშების სისტემა, ამას დრო გვაჩვენებს და სავარაუდოდ თავად მეკობრეებიც შეიცვლიან პროფილს და გადავლენ ონლაინ სერვერების „გატეხვებზე“ და ათასნაირი ბოტ პროგრამებით სათამაშო გარემოში ფულის შოვნაზე. გეიმინდუსტრია საკმაოდ დინამიურად ვითარდება, მაგრამ არც მეკობრეები ჩამორჩებიან.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება