markup logo

703

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

Crysis 3

უჩინარი მონადირეები და პლაგიატი

ახლახანს გამართულ Gamescom 2012-ზე კომპანია Electronic Arts  და  Crytek -მა  შემოგვთავაზეს Crysis 3-სთვის შექმნილი ახალი სათამაშო რეჟიმი, სახელად Hunter Mode, რომელიც ქსელური შეტაკების ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს.

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.crysis.com/crysis3
გეიმპლეი დემო: http://www.youtube.com/verify_age?next_url=/watch%3Fv%3DIja7-njjZjc
 

Hunter-ის რეჟიმში მოთამაშე ცივსისხლიანი მონადირე ხდება. რუქაზე ერთბაშად 16 მოთამაშე შედის, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა: მონადირეები და C.E.L.L.- ჯგუფის წევრები. რაც მთავარია, ეს უკანასკნელები ყოველთვის ჭარბი რაოდენობით არიან და აი რატომ.

C.E.L.L.-ის წევრები საკმაოდ  მძლავრად და   კარგად  არიან შეიარაღებულნი. გააჩნიათ სხვადასხვა კატეგორიის მძიმე თუ მსუბუქი იარაღი,  ნაღმები, სნაიპერული შაშხანები, დეტექტორული  და სენსორული ჭურვები და ასე შემდეგ. მონადირენი კი მხოლოდ ცივი იარაღით, საკუთარი მუშტებით, შედგენილი ტექნო-მშვილდით და, რაც მთავარია,  ყველასათვის კარგად ნაცნობი, ნანოკოსტუმის იმედად მოქმედებენ. ეს უკანასკნელი მოთამაშეს უჩინარობისა და ფიზიკური ამტანობის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ანიჭებს. მაგალითად,  ასეთი კოსტუმით ხეზე ახტომა და იქ საფარის მოწყობა ძალიან მარტივია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ  თუ მონადირე გაანადგურებს C.E.L.L.-ის წევრს, იგი „აღსდგება“ უკვე მონადირის სახით და თავისი გუნდის წევრებზე მოუწევს ნადირობა. ანუ, ყოველი დაღუპული თანამებრძოლი პოტენციური მტერი ხდება.

თითოეული რაუნდი გრძელდება 90 წამი და გამოდის რომ C.E.L.L.-ის წევრები მხოლოდ თვითგადარჩენაზე ზრუნავენ და ცდილობენ დრო როგორმე გაიყვანონ, რადგან შეტევაზე უაზროდ გადასვლა დანაკარგებს გამოიწვევს, რაც ავტომატურად ზრდის მოწინააღმდეგეთა რაოდენობას. მხოლოდ გააზრებული ტაქტიკა და შეთანხმებული მოქმედებაა  გადარჩენის შანსი. Crytek-ის მესვეურნი  დარწმუნებულნი არიან ონლაინ შეტაკების ასეთი რეჟიმის წარმატებაში და თვლიან, რომ გეიმერებს სიახლე მეტ ინტერესს გაუჩენს.

ახლა კი მოგახსენებთ საკუთარ აზრს ამ ყველაფრის შესახებ. მიუხედავად Crytek-ის ვითომდა ნოვატორული სისტემისა, ასე მგონია, რომ მსგავსი გეიმმექანიკა უკვე კარგად გატკეპნილი  გზაა Alien vs. Predator-ის სამყაროში, სადაც სიტუაცია ანალოგიურია. სტელს სისტემით აღჭურვილი მტაცებელი ისევე მარტივად დახტის სიმაღლეებზე და სწრაფად მოძრაობს,  ისევე უჩინარდება და ასევე გააჩნია ცივი იარაღით დისტანციური შეტევის უნარი. ადამიანები  იქაც მხოლოდ თვითგადარჩენაზე ზრუნავენ და მიუხედავად ჭარბი საცეცხლე რესურსისა, მაინც ნანადირევის პოზიციაში არიან. ანუ,  Crytek-მა Predator-ს Hunter-ი დაარქვა, AVP-ს ფეხოსნებს C.E.L.L.-ი და გვაჩეჩებს როგორც უნიკალურ და ნოვატორულ მიგნებად. პირადი სუბიექტური აზრით კი ეს მხოლოდ და მხოლოდ ცუდად მასკირებული პლაგიატია და მეტი არაფერი.

ახლა თავად პერსონაჟების დიზაინიც განვიხილოთ. მონადირის ნანოკოსტუმი და განსაკუთრებით კი ჩაჩქანი, საოცრად ჰგავს ჯორჯ ლუკასის უკვდავი Star Wars-ის Stormtroopers-ებს.

შესაძლოა, მსგავსება ზოგისათვის სიმბოლური იყოს და პოსტერის ამ რაკურსიდან გამოიყურებოდეს მსგავსად, მაგრამ საბოლოო ჯამში გეიმმექანიკის და იდეის პლაგიატის ელფერი საკმაოდ გამოხატულია და ასეთი კლასის კომპანიისათვის მხოლოდ სამარცხვინოა.

 

Command & Conquer: Generals 2

პირობითად უფასო თამაშების რიგებს შეუერთდა

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.commandandconquer.com/free
ტიზერ ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=w6bg6yhyTK4

Gamescom 2012 პირდაპირ დახუნძლული იყო სიახლეებით და გეიმსაზოგადოება ბევრ სიახლეს და ანონსს  ეზიარა. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა ისეთ მონსტრს, როგორიცაა Electronic Arts, რომელმაც მრავალი ანონსის ფონზე Command & Conquer: Generals 2-ის შესახებაც გვიამბო.

ძველი თაობისათვის კარგად ნაცნობმა კომპანია Westwood Studios-მა თავის დროზე შექმნა საკულტო სერია Command & Conquer, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გახლდათ გეიმერების შთაგონების წყარო, მაგრამ სამწუხაროდ 2003 წელს კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა  და იგი EA-მ უკვალოდ შთანთქა, ხოლო მემკვიდრეობით მიღებული პროექტები თავის ჭკუაზე გადააკეთა. ასე მივიღეთ Command & Conquer: General-ის პირველი ნაწილი, რომელიც კლასიკურ სერიას მხოლოდ სახელით და რამდენიმე სიმბოლური დეტალითღა თუ ჰგავდა. ანუ, ახალმა მეპატრონემ დაასამარა კლასიკა და შექმნა რაღაც ახლებური ჰიბრიდი.

და აი ამდენი წლის პაუზის შემდგომ კომპანიამ გადაწყვიტა გაეხსენებინა ძველი პროექტი და გეიმერების საზოგადოებას Command & Conquer: Generals 2-ის ბეტა ტესტირების დაწყებისა და რელიზის ოფიციალური თარიღის შესახებ ამცნო.

განახლებული Generals 2  ძალიან ჰგავს წინა ნაწილს და ფუნდამენტალური განსხვავება მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ ამიერიდან თამაში გლობალურად ონლაინ რეჟიმში გადადის და პირობითად უფასო სქემით გავრცელდება. მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ საკუთარი სტრატეგიული ნიჭი მსოფლიო მასშტაბით გამოავლინონ და არ „დახურდავდნენ“ მხოლოდ ლოკალური არეალით. შესაბამისად გაიზრდება რუქების ზომები და ერთდროულად მოთამაშე გეიმერების რაოდენობაც. გამოჩნდება ახალი  იუნიტები და შეიარაღება, დაემატა სხვადასხვა ბონუსების სისტემა და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ Command & Conquer: Generals 2-ის შესახებ ანონსი ჯერ კიდევ წინა  წლის დეკემბერში გაკეთდა, დღემდე უცნობი იყო დეტალები, მაგრამ ახლა უკვე გაირკვა, რომ გეიმენჯინი, რომელზედაც დაფუძნებული იქნება მომავალი სტრატეგია Frostbite 2.0-ია (Battlefield 3-ის მოთამაშეთათვის კარგად ნაცნობი) და თავად თამაშის შექმნაზე სტუდია BioWare Victory-ი მუშაობს.

ამ ყველაფრის ფონზე უნდა ველოდოთ AAA კატეგორიის უფასო თამაშს, რომელიც მრავალ სიახლეს შემოგვთავაზებს, მაგრამ დღემდე უცნობია, თუ რით აპირებს EA ფინანსურად მომგებიანი გახადოს ხსენებული სტრატეგია. ანუ, რა კატეგორიის პროდუქცია გაიყიდება რეალურ ფულზე, რომელიც კომერციულად გაამართლებს კაპიტალდაბანდებას. იმედია, ეს არ იქნება რაიმე სუპერ იუნიტები ან დევასტატორ ტანკები, რადგან მსგავსი სქემა ჩანასახშივე მოკლავს სტრატეგიულ ელემენტს და გამარჯვება მხოლოდ გეიმერების საფულის სისქეზე იქნება დამოკიდებული.

Worms Revolution

მეომარი ჭიები ბრუნდებიან


ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.team17.com
ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=Dc42z56WQNs&feature=player_embedded
 

ვისაც ოდესმე უთამაშია Worms, დამეთანხმება, რომ დრო მალე გარბის, როდესაც სასაცილო, მაგრამ შეუპოვარი ჭიების შეტაკებებს ვადევნებთ თვალყურს. მიუხედავად იმისა, რომ თამაში სავსეა სასტიკი ელემენტებით, გეიმერი ამას ნაკლებად აქცევს ყურადღებას და თავდავიწყებით ჩეხავს, აფეთქებს, წვავს და ანადგურებს მოწინააღმდეგეს. მიუხედავად პოპულარობისა, მწარმოებლებს არ სძინავთ, გამუდმებით სიახლისაკენ ილტვიან და როგორც იქნა გვეღირსება ახალი თავგადასავლები Worms Revolution-ის სახით.

ახლახანს გამოქვეყნდა პირველი ტრეილერი Worms Revolution-ი, სადაც გარდა უკვე კარგად ნაცნობი შეიარაღებისა, ახალი საშუალებებიცაა ნაჩვენები. არსენალი გამდიდრდა და ბევრი სახალისო დამატება გამოჩნდა. თუნდაც მოხუცი და ბუზღუნა ბებია რად ღირს, რომელსაც შახიდივით აუსხავს ტანზე დინამიტები და კოჭლობ-კოჭლობით გადაადგილდება, „წმინდა ბომბი“ ამიერიდან გარდა აფეთქებისა, ლანდშაფტში ჩარჩენილ სხვადასხვა ნივთს ათავისუფლებს, რომელიც თავის მხრივ დამატებით დეტონირებს…

ლეველის ელემენტები ამიერიდან სტატიკური აღარ იქნება და შეიცავს მრავალ ანიმირებულ ელემენტს, რომელთა ნაწილი თამაშშიც კი იღებს მონაწილეობას. მაგალითად, თუ ჰაერში მონავარდე თოლიას ახლოში რაკეტა გაუსკდება, შიშისაგან ექსკრემენტებს გამოჰყოფს, რომელიც მოწინააღმდეგეზე მოხვედრისას მჟავასავით წვავს მას. გარდა ამისა, გამოჩნდა ე.წ. ფულიდ დინამიკის ელემენტებიც. ანუ, თუ სადმე წყლით სავსე კავერნაა, შეგვიძლია აფეთქებით მისი გახსნა და წყლის ნაკადით მოწინააღმდეგის ჩარეცხვა-დახრჩობა.

მოკლედ, სიახლე ბევრი გველის და ამასთანავე  გასახარი ისიც არის, რომ დეველოპერების გუნდი კიდევ უფრო მეტ სასაცილო სიტუაციებს და შავი იუმორით გაჯერებულ ბატალიებს გვპირდება.

მოკლედ, სულ ცოტაღა დარჩა 2012 წლის ოქტომბრამდე, როდესაც ოფიციალური რელიზია გამოცხადებული და „დაჩაგრული“ არც ერთი გეიმერული პლატფორმის მომხმარებელი არ დარჩება. დასაწყისისათვის თამაში PC, Xbox LIVE და Sony PSN, ხოლო მოგვიანებით სხვა კონსოლებსაც მიაქცევენ ყურადღებას.

იყავით ყურადღებით… პირსისხლიანი ჭიაყელები მოდიან… JJJ

 

 

Planetary Annihilation

კლასიკის ქომაგები


ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.kickstarter.com/projects/659943965/planetary-annihilation-a-next-generation-rts
ტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=FhEYvOYceNs&feature=player_embedded

 Kickstarter-ი ცნობილია თავის ქველმოქმედი აურით, სადაც სხვადასხვა კატეგორიის დეველოპერები ცდილობენ შემოწირულობის სახით შეაგროვონ ამა თუ იმ თამაშის შექმნისათვის საკმარისი თანხა. უმეტეს შემთხვევაში წამოწყება კრახით მთავრდება, მაგრამ ხშირია აგრეთვე წარმატებული პროექტებიც. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა მივიწყებას მიცემული, მაგრამ თავის დროზე პოპულარული თამაშების „გაცოცხლებას“. ჩამონათვალიდან ჩვენი ყურადღება მიიქცია Planetary Annihilation –მა, რომელიც პირდაპირი მემკვიდრეა საკულტო თამაშ – Total Annihilation-ის. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს თანხების აკუმულირება და თუ ასე გაგრძელდა, გეიმერები კვლავ იხილავენ რობოტიზირებული არმიების შეტაკებას, მაგრამ განახლებულ და საკმაოდ გაფართოებულ არეალზე.

ენთუზიასტები მოთამაშეებს პირდებიან როგორც ინდივიდუალურ კომპანიას, ასევე კოოპერატივის რეჟიმს, საკმაოდ მასშტაბურ ონლაინ არენებსაც, სადაც რამდენიმე გეიმერს ცალ-ცალკე ან სხვებთან ალიანსით მოუწევს მოწინააღმდეგის განადგურება. დეველოპერები აპირებენ შეინარჩუნონ ყველაფერი კარგი რაც Total Annihilation-ში იყო და თავის  მხრივ  უამრავ ახალ დეტალს დაუმატებენ. თუ ადრე მხოლოდ გარკვეული ტერიტორიების დაპყრობა-შენარჩუნებაზე მიდიოდა საუბარი, ამჯერად ომი პლანეტარული და ხშირად მთელი მზის სისტემის მასშტაბით მოგვიწევს, რათა საბოლოოდ მთელი გალაქტიკა თქვენი დაქვემდებარების ქვეშ აღმოჩნდეს.

შემქმნელები იმედოვნებენ შეაგროვონ საჭირო 900.000$. ჯერჯერობით მხოლოდ 290.000$-ის შოვნა მოხერხდა, მაგრამ პროექტი ტემპს იკრებს და იმედია, შუა გზაში არ ჩაკვდება ყველაფერი.

ახალი თაობის მოთამაშეებს შევახსენებ, რომ პირველად Total Annihilation გამოვიდა 1997 წელს და მომენტალურად იქცა ქსელური შეტაკებების არენად. მართალია,  იმ პერიოდში გლობალურ ქსელზე წვდომა მეტად გართულებული იყო და თითო-ოროლა თამაში თუ დაიკვეხნიდა მისი სრულფასოვანი მხარდაჭერით, მაგრამ ლოკალურ ქსელებში ომი არ წყდებოდა. მას მერე გამოვიდა უამრავი გაგრძელება თუ ედდონი, მაგრამ დროთა განმავლობაში პროექტი დავიწყებას მიეცა და სასიხარულოა, რომ ასეთი სახით აღორძინების შანსი კვლავ გამოჩნდა. სახეცვლილი, მაგრამ მაინც კარგად ნაცნობი და „მშობლიური“ რკინის ლეგიონები.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება