markup logo

605

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

 Team Fortress 2

 ნაცრისფრები გვიტევენ?

კომპანია Valve-მ Team Fortress 2-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე მეტად დამაინტრიგებელი ცვლილება შეიტანა. კერძოდ კი თამაშის ლოგოტიპზე გამოჩნდა სისხლის შხეფები, რომლებიც აქტიურ ლინკს წარმოადგენს და გადავყავართ

საიდუმლოებით მოცულ „ნაცრისფერ“ ზონაში (http://www.teamfortress.com/gray/) , სადაც არანაკლებ საიდუმლოებით მოცული წერილის ტექსტია წარმოდგენილი:

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.teamfortress.com/

აღნიშნული დოკუმენტი გვაუწყებს, რომ 1822 წლის 12 სექტემბერს  ერთ-ერთ ბრიტანულ ოჯახში, კერძოდ კი  მანნებიში, დაიბადა სამი ვაჟი – რედმონდი, ბლუტარკი და გრეი. გრეი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა  და მას მერე ოჯახს არაფერი სმენია მესამე შვილის შესახებ.

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ივლისის ბოლოდან Valve რეგულარულად „გვამარაგებს“ ათასნაირი მინიშნებითა და ჭორებით, რომელიც TF2-ის ახალ რეჟიმს – Mann vs Machine-ს ეხება. ამ რეჟიმის საკვანძო მოვლენად მოიაზრება ე.წ. „ტობორების“ ანუ თამაშის გმირების რობოტიზირებული ასლების გამოჩენა. ლოგიკური კავშირების დახმარებით შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ: თუ ბლუტარკმა ჩამოაყალიბა გუნდი BLU, ხოლო რედმონდმა RED, გამოდის რომ ტობორების სულის ჩამდგმელი დიდი ხნის წინათ დაკარგული გრეი (ნაცრისფერი) იქნება, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო ოჯახის ყველა წევრისადმი აგრესიულად არის განწყობილი და მოქმედებს პრინციპით – „ყველა ყველას წინააღმდეგ“.

 ამდენი მისტიფიკაციისა და დედუქციური კვლევების შემდგომ ჩნდება კითხვა: როდის იქნება ოფიციალური ანონსი Mann vs Machine-ს რეჟიმისა? წერილის შინაარსიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ  ყოველივე ეს  2012 წლის 12 სექტემბერს მოხდეს, რადგან 12 სექტემბერი PAX (Penny Arcade Expo)-ის ბოლო დღეა.

მოკლედ, დაველოდოთ ანონსს და გავემზადოთ ადამიანისებრ რობოტებთან შესარკინებლად. იმედია, ახალი გუნდი მხოლოდ ვიზუალურ განსხვავებას არ გვთავაზობს და პერსონაჟებს ახალი შესაძლებლობებიც ექნებათ.

 

 Thief 4

ახალი თაობის კონსოლების მოლოდინში?

 ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.thief4.com/

 

მიუხედავად იმისა, რომ Eidos Montreal-მა პირველი ანონსი Thief 4-ის შესახებ სამი წლის წინათ გააკეთა, დღემდე უცნობია, თუ რა  ხდება აღნიშნული პროექტის ირგვლივ. ოფიციალური საიტი კვლავ „სამნამბულის“ რეჟიმშია გაყინული და არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის. მხოლოდ ფორუმია გაშვებული, სადაც გეიმერები საკუთარ  აზრებს და სურვილებს გამოხატავენ. ოფიციალური მესვეურები თავს არიდებენ რაიმე კონკრეტული პასუხის გაცემას და  ბუნდოვანი ფრაზებით შემოიფარგლებიან. დროდადრო ჩნდება ფანებისათვის საგანგაშო ინფორმაციაც, როგორიცაა კომპანიიდან საკვანძო სპეციალისტების დათხოვნა  და ასე შემდეგ.

ბრიტანულმა გამოცემამ Official XBOX Magazine გამოთქვა ვარაუდი, რომ Thief 4-ზე მუშაობა კვლავაც გრძელდება, მაგრამ ახალი თაობის კონსოლების გამოშვებამდე არანაირ სიახლეს არ უნდა ველოდოთ. ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, ჭორის დონეზეა ცნობილი და არანაირ ოფიციალურ ინფორმაციას არ ეყრდნობა, მაგრამ ნიშანდობლივია ისიც, რომ ბევრი სხვა კომპანია მიმართავს მსგავს ტაქტიკას და რაიმე გამონაკლისთან არ გვაქვს საქმე.

ამჟამინდელი თაობის კონსოლები ტექნიკურად იმდენად მოძველდა, რომ აღარავის უნდა მათი მხარდაჭერა.  გავიხსენოთ თუნდაც Star Wars 1313 და Watch Dogs, რომელთა შემქმნელებიც  კატეგორიულ უარს აცხადებენ PlayStation 3 და Xbox 360-ს თამაშების გამოშვებაზე. აღარ უნდათ დეველოპერებს დაიხარჯონ „ნაფტალინიანი“ კონსოლებისათვის, რომლებიც საშინლად ამუხრუჭებენ ამჟამინდელ გეიმ ინდუსტრიას.

მოკლედ, ველოდებით შემდეგი თაობის კონსოლებს და მათთვის „გადანახულ“ მრავალ საინტერესო თამაშს. იმედია, ჭორები გამართლდება და სტელს ტაქტიკის მოყვარულთათვის ხელმისაწვდომი იქნება Thief-ის ახალი თავგადასავლები.

The Sims 3 Supernatural

შემოგიტიეს ავსულებმა? შეუტიეთ თქვენც

 ოფიციალური ვებ გვერდი: http://thesims.com/en_us/the-sims-3-supernatural
ოფიციალური ტრაილერი: http://www.ea.com/the-sims-3-supernatural/videos/supernatural-announce-trailer

The Sims 3-ის მოთამაშეებს უკვე ყელში ამოუვიდათ დაშაქრული და ზედმეტად გადალამაზებული გარემო. რაც არ უნდა კარგი იყოს თამაში, გეიმერებს მაინც ბეზრდებათ და განახლებების გარეშე პროექტი მალევე კვდება ხოლმე. ამიტომაც გადაწყდა შექმნილიყო საკმაოდ მასშტაბური დამატება სახელად The Sims 3 Supernatural.

საკულტო თამაშს სექტემბრიდან დაემატება მისტიკური სამყარო და მისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო „ატრიბუტები“, როგორებიცაა ვამპირები, მაქციები, ვურდალაკები, ზომბები, ჯადოქრები, პოლტერგეისტები, მოჩვენებები, ფერიები, ალქაჯები და ასე შემდეგ. მართალია, ვამპირების პირველი თაობა The Sims 2: Nighlife უკვე გამოჩნდა, მაგრამ ახლანდელ დამატებასთან შედარებით, რომ იტყვიან, ზღვაში წვეთია.

 მიუხედავად იმისა, რომ განახლება უახლოეს პერიოდში გამოდის, სამწუხაროდ ინფორმაცია ისევ და ისევ ვამპირებზე ვრცელდება.

ვამპირად გახდომა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება თუ შესაბამისი თხოვნით მიმართავს საჭირო ხალხს. გარდასახვა რამდენიმე დღე გრძელდება და ბოლოს ვიღებთ „კლასიკურ“ ვამპირს, რომელიც გარდა ნივრის სიძულვილისა და წითელი სუბსტანციის სიყვარულისა, გამოირჩევა მოდური ჩაცმულობისადმი დიდი ინტერესითაც.

გრაფი დრაკულას მიმდევრები The Sims 3 Supernatural-ში გაცილებით ნელა ბერდებიან, უბრალო მოკვდავთან შედარებით სწრაფადაც გადაადგილდებიან და მრავალი ზებუნებრივი თვისებით არიან დაჯილდოებულნი. მაგრამ, როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს. ზებუნებრივი თვისებები თავისებურ მსხვერპლს მოითხოვს – ვამპირი რეგულარულ შიმშილს განიცდის და თუ ვერ მოახერხებს ვინმე უბედურის ხელში ჩაგდებას, მალევე განუტევებს სულს. უკვე ტრანსფორმირებული ავსული შეიძლება უკვდავი გახდეს, მაგრამ ამისათვის გარკვეული ქმედებების თანმიმდევრობაა შესასრულებელი, ანუ უნდა დალიოს 20 მშვიდობიანი მოქალაქის სისხლი, ბნელ მხარეზე გადაიბიროს მინიმუმ 5 მოთამაშე და ასე შემდეგ.

მოკლედ, The Sims 3 Supernatural-ში ბევრი სიახლეა მოსალოდნელი და ფანებს მოწყენა არ მოუწევთ. მისტიკური სამყაროს ორივე მხარე ღიაა და ელოდება თავის ადეპტებს. ნაწილი ავსული გახდება, ნაწილი კი მათ განადგურებას დაისახავს მიზნად.

 

Plants vs. Zombies

თამაშების მუტაცია

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.popcap.com/games/plants-vs-zombies/home
ოფიციალური ტრაილერი: http://www.youtube.com/watch?v=c4kfCpzHKj8

 გეიმ ინდუსტრია მეტად დინამიური და ცვალებადია. ხშირად ჩნდება ისეთი თამაშები და პროექტები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ლოგიკას არის მოკლებული, მაგრამ გარკვეული დროის შემდგომ ჩნდება მისი ფარული პოტენციალი, მსგავსი წარმატება არ არის რეგულარული და ძალიან იშვიათია. ხშირია აგრეთვე უკვე წარმატებული პროექტის გაგრძელებების შექმნის პრაქტიკაც, მაგრამ სახეცვლილი სახით. ანუ საბაზისოდ იღებენ ორიგინალ თამაშს და მის ბაზაზე ისეთ მუტაციებს ახორციელებენ, რომ საბოლოოდ გაურკვეველ ჰიბრიდს ვიღებთ, რომელიც პირველწყაროს სიმბოლურად წააგავს.

მსგავსი „მუტაციებითაა“ დაკავებული EA Black Box, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობ არკადლი  სტრატეგიის  – Plants vs. Zombies-ის საფუძველზე შუტერის შექმნას გეგმავს. მომავალი პროექტი მულტიპლიკაციური გრაფიკით იქნება სტილიზებული და მთლიანად ქსელური გამოყენებისთვის იქნება ორიენტირებული. მსგავსი დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს დაქირავებული სპეციალისტების სია, რომელთა გამოცდილება და რეპუტაცია ნათლად მეტყველებს ყველაფერზე.

მოსალოდნელი პროექტი კროსპლატფორმულად მოიაზრება, რომელიც თითქმის ყველა სახის კონსოლისათვის ერთბაშად გამოვა და სავარაუდოდ პირობითად უფასოდ გავრცელდება. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვიზუალურად და თამაშის კონცეფციით აღნიშნული პროექტი Team Fortress 2-ის მსგავსი იქნება. სტილიზებული გარემო  ნახევრად მულტიპლიკაციური შეიდერები და კომიკური სიტუაციებიც.

არ არის გამორიცხული რომ Plants vs. Zombies-ის მოტივებზე შექმნილი შუტერი საერთოდ არც გამოჩნდეს, რადგან EA Black Box-ის გეგმები ერთია და თამაშის მფლობელი PopCap-ის კი სხვა. თუ შეთანხმება ვერ შედგა, ვერც შუტერი გამოვა და წყალშიც ჩაიყრება გაწეული შრომა.

შეგახსენებთ, რომ Plants vs. Zombies პირველად 2009 წელს გამოჩნდა და თითქმის მომენტალურად გახდა პოპულარული. წარმატება იმდენად დიდი გამოდგა, რომ მალევე მოხდა მისი პორტირება როგორც კონსოლებისათვის, ასევე სხადასხვა კატეგორიის მობილური პლატფორმებისათვისაც, ასე რომ, არამგონია PopCap მარტივად დათანხმდეს ამ მეტად საეჭვო პროექტის დაწყებას.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება