markup logo

484

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

XCOM: Enemy Unknown

განახლებული კლასიკა

როგორც იტყვიან კლასიკა არ ბერდება და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახით მაინც კარგია.

სტუდია Firaxis Games გადაწყვიტა, თითქმის დავიწყებას მიცემული თამაშის, – XCOM-ის გაცოცხლება, რომელიც სტაჟიან გეიმერებში ნოსტალგიურ ცრემლსაც კი იწვევს და ბავშვობის ბედნიერ წლებს ახსენებს. განახლებული სახით გამოვა XCOM-ის სერიის ყველაზე პირველი ვერსია სახელად Enemy Unknown, რომლითაც დაიწყო ზოგადად ამ თამაშის ისტორია თავისი მრავალი გაგრძელებებით.

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.xcom.com/enemyunknown/
ოფიციალური ტრაილერი: http://www.youtube.com/watch?v=3YR6FURQP9Y
 

XCOM: Enemy Unknown ეს არის ბიჯურ-ტაქტიკური სტრატეგიის რემეიკი, რომელიც პირველად „შორეულ“ 1994 წელს გამოჩნდა და ეძღვნება დედამიწაზე უცხოპლანეტელების მორიგ ინტერვენციას. კაცობრიობა ერთიანდება მომხვდურის წინააღმდეგ და ქმნის საერთაშორისო ორგანიზაციას – XCOM-ს, რომლის დანიშნულებაც უცხოპლანეტელების ძებნა და განადგურებაა. მოთამაშეს ეძლევა საშუალება მისიიდან მისიამდე ადამიანების ცივილიზაცია გამარჯვებას ან დამარცხებას მიუახლოვოს და მხოლოდ მის სტრატეგიულ აზროვნებაზე იქნება კაცობრიობის ბედი დამოკიდებული.

სულ თამაშში ოთხი კატეგორიის პერსონაჟია ხელმისაწვდომი: შემტევი ფეხოსანი, სნაიპერი, მძიმე შეიარაღების სპეციალისტი და ზურგის უზრუნველყოფის ჯარისკაცი. თუ პირველი სამი გასაგებია, ბოლოს დანიშნულება დაჭრილი მებრძოლების მკურნალობა, პიროტექნიკული კაპსულებით მანიპულირება და მოწინააღმდეგის მენტალური ზონდირება და მისი დამორჩილებაა. თუ შეტევა წარმატებულად ჩაივლის, მოწინააღმდეგის ერთეული დროებით გადმოდის თქვენი კონტროლის ქვეშ და შეგვეძლება ნებისმიერი რამ გავაკეთებინოთ – თავისიანებზე სროლა, ღია ადგილზე გამოსვლა, რომ დანარჩენმა ჯარისკაცებმა მარტივად მოკლან ან თვითგანადგურების რეჟიმის აქტივაცია მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად.

მოწინააღმდეგე, ძველი „ტრადიციებიდან“ გამომდინარე, მრავალფეროვანია და ვერაგი „ნაცრისფერების“ გარდა უტვინო, მაგრამ ამტანი მონსტრებიც ხშირად შეგვხვდებიან. საჭიროა ლაბორატორიების მშენებლობა და მრავალნაირი სამეცნიერო კვლევის ჩატარება, რათა გაიშიფროს მომხვდურთა ფიზიოლოგია, ანატომია, გამოვლინდეს სუსტი წერტილები, ნაალაფარი იარაღის საფუძველზე ანალოგების და გაუმჯობესების შექმნა და ასე შემდეგ. მოთამაშეს მოსაწყენად დრო არასოდეს ექნება, მითუმეტეს თამაშის მსვლელობისას სირთულე მატულობს. სადაც ადრე მსუბუქი გამანადგურებელიც ართმევდა თავს, შემდგომში მძიმე საბრძოლო პლატფორმები გახდება საჭირო, მაგრამ გაითვალისწინეთ: დაზიანებული ტექნიკა და მითუმეტეს დაღუპული მებრძოლები ერთხელ და სამუდამოდ იკარგებიან და ამიტომ გაუფრთხილდით რესურსებს და ადამიანებს. მათი უაზრო გაშვება სასაკლაოზე საბოლოო ჯამში სავალალო შედეგით მთავრდება.

XCOM: Enemy Unknown კროსპლატფორმული პროექტია და PC-ს გარდა გამოვა ყველა პოპულარული კონსოლისათვისაც. რელიზის ოფიციალური თარიღი 2012 წლის პირველი დეკემბერია გამოცხადებული და თამაშის შექნის ტემპებიდან გამომდინარე ვიმედოვნებ, რომ თარიღი უცვლელი დარჩება.

 

Baldur’s Gate: Enhanced Edition

კიდევ ერთი „პენსიონერი“ ბრუნდება

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.beamdog.com/products/baldurs-gate-enhanced-edition
ოფიციალური ტიზერი: http://www.youtube.com/watch?v=tGp9YinI2QI
  

სტუდია Beamdog როგორც იქნა დაგვდო პატივი და გამოაცხადა Baldur’s Gate: Enhanced Edition-ის გამოსვლის თარიღი. სახელგანთქმული RPG განახლებული და გაფართოებული ვერსია სულ მალე – 18 სექტემბერს გამოჩნდება.

ორიგინალური ვერსიისაგან თამაში განსხვავდება როგორც გრაფიკით, ასევე შემადგენლობითაც. მან მიიღო მაღალი რეზოლუციების და ფართოფორმატიანი მონიტორების მხარდაჭერა, გრაფიკული ელემენტების ნაწილი თავიდან შეიქმნა, მაგრამ სიახლეები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. თამაშს დაემატა ახალი პერსონაჟების სამეული – ველური მაგი ნირუ, კალიმშანელი მესაყდრე რასსად ინ ბაშირი და ბნელი მცველი დორნა ილ-ხანი. ყოლევ პერსონაჟს თავისი ისტორია გააჩნია, თავის ქვესტების ხე, დიალოგების სისტემა და აგრეთვე ზღაპრული სამყაროს ჯერ კიდევ უნახავი ტერიტორიები.

გარდა ამისა Baldur’s Gate: Enhanced Edition -ს დაემატა The Black Pits-ის არენა, სადაც მოთამაშეებს მოუწევთ რამდენიმე დონეზე მონსტრების მთელ ჯოგებთან გამკლავება და ექსპერიენსის გარდა სხვადასხვა სასარგებლო ნივთისა თუ არტეფაქტის შეგროვებაც (აშკარაა Magicka-ს ზეგავლენა თავისი დაუვიწყარი საბრძოლო არენებით).

სულ განახლებულ ვერსიაში შეტანილია 400-მდე ცვლილება და ამ ყვეელაფერში სულ რაღაც 20$ იქნება გადასახდელი, მაგრამ თუ წინასწარ შეკვეთას გააფორმებთ, ფასი შეიძლება 10$-მდეც კი დაეცეს.

Baldur’s Gate: Enhanced Edition გამოვა კროსპლატფორმული სისტემით და გარდა სხვადასხვა კატეგორიის კონსოლისა, Mac და iPad-ის მხარდაჭერასაც მიიღებს. სასიამოვნო ფაქტი კი იმაში მგომარეობს, რომ ყველა ამ სათამაშო მოწყობილობას ერთიან ქსელში ჩართვის ფუნქციაც ექნება, რაც სხვადასხვა გემოვნების მოთამაშეთა ერთ ბირთვად გაერთიანების საშუალებას იძლევა. მწარმოებელი მოგვიანებით Google Android-ის ვერსიასაც გვპირდება, რაც ერთი-ორად გაზრდის მომხმარებელთა რიგებს და თამაშს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის. დაველოდოთ – 18 სექტემბერი უკვე ძალიან ახლოსაა.

 

Lineage 2

მასშტაბური განახლება

 ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.lineage2.com/en/
ოფიციალური ტრაილერი: http://www.youtube.com/watch?v=b6Nf4JGvU9I
 
 

შესანიშნავი სიახლეა MMORPG Lineage 2-ის ფანებისათვის. გამოვიდა თამაშის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება სახელად Tauti.

ერთ-ერთი საკვანძო სიახლე, რომლის ირგვლივადაც აკუმულირებულია მთელი გარემო, ეს არის Festival of Chaos-ის ზონა, რომელიც მხოლოდ გამოცდილ და სტაჟიან მოთამაშეებზეა გათვლილი. გეიმერები ზონაში ყოველდღიურად შეერკინებიან ერთმანეთს და last man standing-ის პრინციპით გამოავლენენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს. გარდა ამისა კლანების ლიდერებს უკვე ალიანსების შექმნის და მათში გაწევრიანების საშუალებაც მიეცათ. შეზღუდვები აღარ არსებობს და ალიანსის წევრები შეიძლება გახდნენ როგორც ნათელი, ასევე ბნელი კლანებიც, რაც თავის მხრივ, განსაკუთრებულ გეიმპლეის და პრივილეგიებს ბადებს. კლანებს აგრეთვე ახალი – სახელობითი ცხოველები და დროშები დაემატათ, რაც შედარებით გაამრავალფეროვნებს გარემოს და მეტ ინდივიდუალიზმს შესძენს.

Tauti შეიცავს მრავალნაირ სიახლეს – უამრავი დამატებითი ქვესტები, ახალი ტიპის თილისმები, შელოცვები, აღჭურვილობა, იარაღი, აგრეთვე რეცეპტები და სხვა მრავალი. გარდა ამისა მოთამაშეს სთავაზობენ იარაღის ინდივიდუალურ მოდიფიცირებას PvE და PvP რეჟიმებისათვის.

სამწუხაროდ, ყველა სიახლის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მოძიება მწარმოებლის საიტზეა შესაძლებელი http://www.lineage2.com/en/. უყურადღებოდ  არ დატოვოთ თემატური ფორუმებიც და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ამომწურავ იფორმაციას მიიღებთ. მართალია მათი ნაწილი წმინდა წყლის აფსურდი და სისულელეა, მაგრამ ძირითადი ბირთვი რეალურ ინფორმაციაზეა დაფუძნებული.

 

Dishonored

ძირს სწორხაზოვანი გეიმპლეი

ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.dishonored.com/
სადებიუტო ტრაილერი: http://www.youtube.com/verify_age?next_url=/watch%3Fv%3DE1HlYTukh9A
  

სულ უფრო ცოტა დრო რჩება Dishonored-ის რელიზამდე და სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი ამ პროექტისადმი. მწარმოებელი სტუდია – Arkane Studious სულ უფრო ხშირად ხვდება საინფორმაციო გამოშვებების ყურადღების ცენტრში და დროდადრო მათი მესვეურები გვიზიარებენ ინფორმაციას პროექტის შესახებ.

თამაშის წამყვანი დიზაინერის – ჰარვი სმიტის განცხადებით მათი გუნდი ცდილობს დაარღვიოს უკვე ჩამოყალიბებული და ღრმად გამჯდარი სტერეოტიპი სწორხაზოვანი გეიმპლეის და მითუმეტეს სიუჟეტისა. მისი განცხადებით მოთამაშეს უმეტესად არ აძლევენ საშუალებას დასახული მიზნის მისაღწევად რაიმე ალტერნატიული გზა აირჩიოს და თუ არჩევანი არსებობს, მისი რამდენიმე განშტოება ბოლოში მაინც ერთ წერტილში იკრიბება. ჩვენი მიზანია შევქმნათ აბსოლუტურად განვრცობილი სამყარო სადაც მოთამაშეს თანაბარი წარმატებით შეეძლება გადაადგილდეს ჩვეულებრივი გზით, ან აძვრეს შენობაზე და სახურავებზე დასახოს მარშრუტი. თუ საჭიროდ ჩათვლის მდინარეში ჩახტება და ცურვით გააგრძელებს მოძრაობას, ან კანალიზაციის სისტემაში შეაღწევს და გზადაგზა თევზაობასაც მოახერხებს.

წამყვანი დიზაინერი, რომელიც მონაწილეობდა ისეთ წარმატებულ პროექტებში, როგორებიცაა System Shock და Deus Ex, Dishonored-ის შემქმნელთა გუნდში სწორედ რომ არასწორხაზოვანი სისტემის სიყვარულისა და შესაბამისი გამოცდილების გამო მოხვდა. მისი განცხადებით თამაში არ უნდა იყოს უაზრო ტირი, სადაც გეიმერს მხოლოდ სწრაფი რეაქცია და მოწინააღმდეგეთა მეთოდური განადგურება მოეთხოვება. თამაში უნდა იყოს კარგად გააზრებული, გლობალური და მასშტაბური. ჰარვი სმიტის აზრით ამ მხრივ Dishonored აჯობებს ისეთ თამაშებს, როგორებიცაა Dark Messiah, Far Cry 2, BioShock, Deus Ex და Ultima: Underworld-საც კი. მოთამაშეს ლიანდაგზე შემდგარი ლოკომოტივივით აღარ უწევდეს წინასწარ დასახული მარშრუტის გავლა, ალტერნატიული გზები და საშუალებები იმდენი იქნება, რომ მხოლოდ მოთამაშის წარმოსახვასა და ფანტაზიაზე იქნება წარმატება დამოკიდებული (ამბიცია და ჰონორი კარგია, რეალურად კი რა გამოვა მალე ვიხილავთ).

ნათქვამის დასამტკიცებლად გვთავაზობენ ვიხილოთ ახალი ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება გავაპაროთ ჩვენი გმირი ერთი და იგივე ადგილიდან სხვადასხვა მარშრუტების და ზებუნებრივი შესაძლებლობების დახმარებით.


ვიდეორგოლი მართლაც რომ შთამბეჭდავია და იმედს ვიტოვებ – მსგავსი სცენა მხოლოდ სადემონსტრაციო ვიდეოსათვის არ იყო დადგმული და თამაში ამდაგვარ თავისუფლებას ყოველთვის მოგვცემს.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება